ლივერპულის ყოფილ თავდამსხმელ დარვინ ნუნიესს მიმდინარე ზაფხულს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნება სურს.
ურუგვაელი ფორვარდი საუდის არაბეთის ალ-ჰილალთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა კონტრაქტი გააუქმოს და თავისუფალი აგენტი გახდეს. ნუნიესი არაბულ კლუბში სულ რაღაც ერთი წლის წინ, 45 მილიონად გადავიდა.
26 წლის შემტევმა ალ-ჰილალის მაისურით ჩატარებულ 24 მატჩში 9 გოლის გატანა მოასწრო, თუმცა სეზონის მეორე ნახევარში, კარიმ ბენზემას ტრანსფერისა და უცხოელ ფეხბურთელებზე არსებული ლიმიტის გამო, გუნდის განაცხადს მიღმა დარჩა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მისი უფასოდ გაფორმების შანსი გაჩნდა, ინგლისურმა კლუბებმა აქტიურობა დაიწყეს. ნუნიესის მთავარი მიზანი სწორედ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაა.
ყველაზე მეტად ლივერპულის ვარიანტია სავარაუდო, ვინაიდან მერსისაიდელთა თავდამსხმელი ეკიტიკე მძიმე ტრავმის გამო ახალ წლამდე ვერ ითამაშებს. ლივერპულის გარდა, ნუნიესის მიმართ ინტერესს ნიუკასლი, ტოტენჰემი და ჩელსიც იჩენენ.
ინგლისში გატარებული პერიოდის განმავლობაში ურუგვაელმა 143 მატჩში 40 გოლის გატანა შეძლო. ამჟამად ფეხბურთელი ურუგვაის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთის, კაბო-ვერდესა და ესპანეთის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.