ლივერპულის ყოფილმა მცველმა, დეიან ლოვრენმა მედიაში მოჰამედ სალაჰის მისამართით გაჟღერებული კრიტიკა მკაცრად დაგმო და მას „ამაზრზენი“ უწოდა.
ხორვატმა ფეხბურთელმა განსაკუთრებით გააკრიტიკა კლუბის ლეგენდა ჯეიმი კარაგერი და განაცხადა, რომ ტელეექსპერტებს არ ჰყოფნით სიმამაცე, თავიანთი პრეტენზიები მოთამაშეებს პირში უთხრან.
კარაგეერის კრიტიკა და სატელევიზიო შოუ
ლოვრენმა, რომელიც სალაჰის ახლო მეგობარია, აღნიშნა, რომ ეგვიპტელი ვარსკვლავის ირგვლივ აგორებული ნეგატიური ტალღა ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. მან კარაგერი, რომელმაც სალაჰს ეგოიზმში დასდო ბრალი, რეიტინგების გამო თამაშში დაადანაშაულა.
„ზოგიერთი ექსპერტი ამას მხოლოდ ყურადღების მისაქცევად აკეთებს. კარაგერი ტელევიზიით რასაც უნდა, იმას ამბობს. მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ეს ყველაფერი მოჰამედისთვის პირში ეთქვა, თუმცა ამას ვერასდროს გაბედავს. ის ჩემზეც ცუდად ლაპარაკობდა, მაგრამ პირადად არაფერი უთქვამს. ის უბრალოდ ტელევიზიით გამოდის და ამაში ფულს იღებს“, - განაცხადა ლოვრენმა WinWin-თან ინტერვიუში.
არნე სლოტის ფაქტორი და კლუბის უმოქმედობა
ლოვრენმა სალაჰის მიერ ლივერპულის დატოვების მთავარ მიზეზად გუნდის ამჟამინდელი მწვრთნელი, არნე სლოტი დაასახელა. მისი თქმით, იურგენ კლოპისგან განსხვავებით, რომელთანაც სალაჰს სრული ნდობა ჰქონდა, სლოტსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა თავიდანვე დაირღვა და მუშაობა შეუძლებელი გახდა.
ხორვატმა მცველმა კლუბის ხელმძღვანელობაც გააკრიტიკა, რომელმაც სალაჰი მედიის წნეხისგან არ დაიცვა:
შიდა სამზარეულოში სიტუაცია ვერ მართეს. პასუხისმგებლობა სხვა ფეხბურთელებსაც უნდა აეღოთ, თუმცა ყველაფერი მოჰამედს გადააბრალეს. ის ყოველთვის პირველ გვერდებზე ხვდებოდა, კლუბისგან კი მხარდაჭერას საერთოდ ვერ გრძნობდა