გასული წლის იანვარში საფეხბურთო სამყარო ჟურნალისტების ცნობებმა აალაპარაკა: ლივერპული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობდა.
თუმცა, როცა ნაპოლი დათმობაზე წავიდა, მერსისაიდელებმა უკან დაიხიეს. შედეგად, პსჟ-მ ქართველი ვარსკვლავი 70 მილიონ ევროდ გაიფორმა, ეს გადაწყვეტილება ლივერპულისთვის საბედისწერო შეცდომად იქცა.
კვარადონას დაბადება და ტრენტის კოშმარი
ევროპამ ხვიჩა 2022 წელს გაიცნო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლიმ იურგენ კლოპის ლივერპული 4:1 გაანადგურა. იმ საღამოს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ნამდვილი კოშმარი გადაიტანა, კვარაცხელია მას როცა მოესურვებოდა მაშინ სცდებოდა. კლოპმა მაშინ აღიარა, რომ ქართველის შეჩერება თითქმის შეუძლებელი იყო:
ის ძალიან სწრაფია, შეუძლია შევიდეს ცენტრში ან წავიდეს ფლანგზე, რაც მცველისთვის თამაშს აუტანელს ხდის.
სკუდეტო და სატრანსფერო ომი
სადებიუტო სეზონში კვარაცხელიამ ნაპოლის 1990 წლის შემდეგ პირველი სკუდეტო მოაგებინა. იტალიელი ინსაიდერის, ჯანლუკა დი მარციოს თქმით, ლივერპული მზად იყო მასში 100 მილიონი ევრო გადაეხადა და ფეხბურთელი იჯარით ისევ ნეაპოლში დაეტოვებინა (მამარდაშვილის მსგავსი სქემით), თუმცა ანტონიო კონტემ ტრანსფერი დაბლოკა. მოგვიანებით, როცა ხვიჩამ გუნდიდან წასვლა ოფიციალურად მოითხოვა, ლივერპულს შანსი კიდევ ერთხელ მიეცა, მაგრამ კლუბმა პასიურობა არჩია.
პსჟ-ს ტრიუმფი და ლივერპულის კრიზისი
სანამ ლივერპული ლუის დიასის შემცვლელს უშედეგოდ ეძებდა და შემტევების ფორმიდან ვარდნას ებრძოდა, კვარაცხელია პარიზში გადავიდა. მან გადამწყვეტი როლი ითამაშა პსჟ-ს ისტორიაში პირველ ჩემპიონთა ლიგის ტიტულში, გზად კი სწორედ ლივერპული ჩამოიტოვა. ლუის ენრიკეს გუნდში ხვიჩა ის „დაკლებული დეტალი“ აღმოჩნდა, რომელმაც პარიზელთა შეტევა სრულყოფილი გახადა.
რა ხდება ახლა?
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ხვიჩასა და დემბელეს შორის შესაძლო უთანხმოებაზე ჭორები ვრცელდება, ქართველი პიკურ ფორმაშია. ჩელსისთან გატანილი დუბლითა და ლიგი 1/4 ფინალში გატანილი გოლით, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდ მატჩებში შეუჩერებელია. ლივერპულის გულშემატკივრებს კი მხოლოდ ის დარჩენიათ, ინანონ გაშვებული შანსი და იმედი იქონიონ, რომ ზაფხულში კლუბი შეცდომას გამოასწორებს.
VIDEO: კვარა MVP გახდა! - ქართული დუელი ლიგის 1/4 ფინალში, პსჟ-მ ლივერპული დაამარცხა