ლივერპულის ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა, პარიზში პსჟ-სთან განცდილი მარცხის შემდეგ იბრაჰიმა კონატე მიწასთან გასწორა.
ექსპერტის აზრით, ფრანგი მცველის მუდმივი შეცდომები ვირჯილ ვან დაიკს დაუცველს ტოვებს და მთელ დაცვის სისტემას ანგრევს.
პარკ დე პრენსზე 0:2 წაგების შემდეგ, კარაგერმა სწორედ კონატე დაასახელა დაცვაში არსებული არასტაბილურობის მთავარ მიზეზად. მისი თქმით, მაშინ როცა კრიტიკის ქარცეცხლი ხშირად ვან დაიკს ატყდება, რეალური პრობლემა მის გვერდით მდგომი ფეხბურთელია.
მცველები ნახევარდაცვაში გადადიოდნენ, დასაზღვევი არავინ იყო და 34 წლის ვან დაიკს აქეთ-იქით სირბილი უწევდა. ის ამას ფიზიკურად ვერ აუდიოდა. ხალხი ვირჯილს აკრიტიკებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს უსამართლობაა. ის ყველა მატჩს თამაშობს, მის გვერდით მყოფი ტიპი კი მთელი სეზონია საშინელებაა, გამონაკლისი არც დღევანდელი საღამო ყოფილა. კონატე ყოველ თამაშში ცდება, ასეთ პარტნიორთან ერთად თამაში კი ძალიან რთულია.
კარაგერმა არნე სლოტის ტაქტიკური ექსპერიმენტიც გააკრიტიკა. ხუთი მცველით თამაშმა ლივერპულს შედეგი არ მოუტანა:
გუნდმა კარში ერთხელაც ვერ დაარტყა და ბურთს მხოლოდ 26%-ით ფლობდა. დეზირე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებმა გუნდებს შორის კლასში აშკარა სხვაობა გამოაჩინა.
„მწვრთნელმა რაღაც სცადა, მაგრამ ტაქტიკურად მწარედ შეცდა. ვიცი, თამაშის შემდეგ ამის თქმა ადვილია, მაგრამ ჩვენი საქმეც ესაა. ხუთი მცველით გუნდი უფრო ღია აღმოჩნდა, რადგან მთელ მოედანზე პერსონალურ მეურვეობაზე გადავიდნენ და სამ ცენტრალურ მცველს უზარმაზარი სივრცეების დაფარვა უწევდა,“ - დასძინა კარაგერმა.