ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ატლეტიკოსთან განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, ბარსელონა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
კლუბის ხელმძღვანელობა შოკიდან გამოსვლას ცდილობს და პარალელურად ამზადებს ოფიციალურ მიმართვას უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტისთვის. მიზეზი მატჩის არბიტრი, იშტვან კოვაჩი და მისი სკანდალური გადაწყვეტილებებია.
ყველაზე დიდი აჟიოტაჟი მეორე ტაიმში მომხდარმა ეპიზოდმა გამოიწვია. ატლეტიკოს მეკარემ, ხუან მუსომ, ბურთი საჯარიმოში მყოფ მცველს, მარკ პუბილს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა კი, ყველასთვის მოულოდნელად, ბურთს ხელი მოჰკიდა და ისე გააგრძელა თამაში. სტადიონზე მყოფი გულშემატკივრები და ბარსელონას სათადარიგოთა სკამი გაოგნებული დარჩა, თუმცა რეფერიმ თამაში არ გააჩერა და არც პენალტი დანიშნა.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიელები „სერიოზულად განიხილავენ“ პროტესტის უკიდურეს ფორმას. კლუბის ხელმძღვანელობა ამზადებს დოკუმენტს, სადაც დეტალურად იქნება გაანალიზებული ყველა საკამათო მომენტი, მათ შორის რონალდ არაუხოს გაუქმებული გოლი და პაუ კუბარსის წითელი ბარათი. ბარსელონაში მიიჩნევენ, რომ მსაჯის შეცდომებმა მატჩის ბედზე პირდაპირი გავლენა იქონია.
ჰანს ფლიკი და მისი ფეხბურთელები მომხდარით გაოგნებულები არიან, გასახდელში სრული იმედგაცრუება სუფევდა. სოციალურ ქსელებში კი ბარსას ფანებმა ნამდვილი შტორმი მოაწყვეს ჰეშთეგით #JusticeForBarça. ატლეტიკო მადრიდი კი ამ დრომდე კომენტარისგან თავს იკავებს და მხოლოდ ოფიციალურ ოქმზე მიუთითებს. თუ ბარსელონას აპელაციამ შედეგი გამოიღო, შესაძლოა მსაჯების დანიშვნის წესი ან ვიდეორეფერინგის სისტემა შეიცვალოს, თუმცა 0:2 მაინც ძალაში რჩება.