ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ატლეტიკო მადრიდთან განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, ბარსელონას ახალი პრობლემები შეექმნა.
კატალონიურ კლუბს უეფა-სგან ფულადი ჯარიმა ემუქრება იმ ინციდენტის გამო, რომელიც მატჩის დაწყებამდე მოხდა.
კამპ ნოუსკენ მიმავალ გზაზე, ბარსელონას გულშემატკივართა ჯგუფმა ატლეტიკოს ავტობუსს სხვადასხვა საგნები ესროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ავტობუსს მატერიალური ზიანი მიადგა, მძღოლის მხარეს ორი მინა ჩაიმსხვრა. მსგავსი ფაქტი მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე დაფიქსირდა.
დიეგო სიმეონემ მომხდარი ასე შეაფასა:
საზოგადოება არ შეცვლილა და ამას ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ყოველ ჯერზე, როცა ბარსელონას ვსტუმრობთ.
ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ცნობით, უეფა-ს დისციპლინური რეგლამენტის მე-16 მუხლის თანახმად, მასპინძელი კლუბი პასუხისმგებელია წესრიგსა და უსაფრთხოებაზე როგორც სტადიონის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კლუბებსა და ასოციაციებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ნებისმიერ ინციდენტზე, რომელიც მატჩამდე, თამაშის დროს ან მისი დასრულების შემდეგ მოხდება. უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, თუმცა ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ბარსელონას სოლიდური ფინანსური ჯარიმის გადახდა მოუწევს.