ჯულიანო სიმეონე კუბარსის გაძევებაზე: „ვიცოდი, რომ ის ბოლო კაცი იყო“
ატლეტიკო მადრიდის მიერ ბარსელონასთან მოპოვებულ გამარჯვებაში (2:0) ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი კუბარსის წითელი ბარათი აღმოჩნდა. ინციდენტის მთავარმა გმირმა, ჯულიანო სიმეონემ, მატჩის შემდეგ საკუთარი ვერსია გააჟღერა.
VIDEO: ატლეტიკომ 10-კაციან ბარსას კამპ ნოუზე მოუგო და 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
არგენტინელმა თავდამსხმელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ეპიზოდში, რომელმაც თამაშის ბედი შეცვალა. კუბარსის გაძევებამ კატალონიელები პირველივე ტაიმში ათი კაცით დატოვა, რამაც ატლეტიკოს საშუალება მისცა, მატჩის სადავეები ხელში ჩაეგდო.
შეხვედრის შემდეგ სიმეონემ აღნიშნა, რომ მიუხედავად სოლიდური უპირატესობისა, ბარსელონასთან მოდუნება არ შეიძლება:
ბარსელონას წინააღმდეგ თითქმის არცერთი შედეგი არ არის გადამწყვეტი. ისინი შესანიშნავი გუნდია, სადაც უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. ამ შედეგისთვის უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და საკუთარ თამაშზე ვიყოთ ფოკუსირებულები.
მიუხედავად იმისა, რომ ატლეტიკო მოედანზე კაცნაკლული მეტოქის წინააღმდეგ თამაშობდა, ჯულიანოს თქმით, მათი მიდგომა არ შეცვლილა:
ერთი კაცით მეტნი იქნებიან თუ ნაკლებნი, ისინი მაინც ერთ სტილში თამაშობენ. შესაბამისად, ჩვენი გეგმაც იგივე იყო - პრესინგი, დაცვა და თამაში. მთავარია, მოერგო იმას, რასაც კონკრეტული სიტუაცია მოითხოვს.
რაც შეეხება თავად წითელ ბარათს, რომელსაც ბარსელონას ბანაკში აქტიურად აპროტესტებენ, სიმეონემ მომენტი ასე აღწერა:
ხულიანმა ბურთი ზურგს უკან ჩამიგდო. ვიცოდი, რომ კუბარსი ბოლო კაცი იყო. ეპიზოდი განმეორებაზე ჯერ არ მინახავს, მაგრამ გზა გადავუჭერი, კარში დასარტყმელად მივდიოდი და კონტაქტი ვიგრძენი. მსაჯმა თავიდან ყვითელი ბარათი აჩვენა, თუმცა VAR-თან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და მოედნიდან გააძევა.