ლივერპულმა ინგლისის სამსაჯო კორპუსში მოთხოვნა გააგზავნა, რომ მან სიტისთან მატჩში ვირჯილ ვან დაიკის გაუქმებულ გოლზე ახსნა-განმარტება მიიღოს.
მატჩის 38-ე წუთზე ვან დაიკმა მო სალაჰის მიერ მოწოდებულ კუთხურზე საჯარიმოში ყველას დაასწრო და ქალაქელების კარში ბურთი გადაგზავნა. თუმცა, მსაჯმა კრის კავანამ VAR-ის მეშვეობით გოლი გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ ენდრიუ რობერტსონი, რომელიც იმ მომენტში თამაშგარეში იყო, თავისი მოძრაობით ჯანლუიჯი დონარუმას ხელს უშლიდა.
The Athletic-ის ინფორმაციით, წითლები ჰოვარდ უებსა და PGMOL-ს დაუკავშირდნენ - ორგანიზაციას, რომელიც ინგლისში მსაჯობაზეა პასუხისმგებელი. კლუბმა მომხდარით "სერიოზული აღშფოთება" გამოთქვა და აღნიშნა, რომ გოლის გაუქმების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება - ლივერპულს მიაჩნია, რომ მსაჯმა გადაწყვეტილება სუბიექტური მიზეზებით მიიღო.
მერსისაიდელებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული წესის ფორმულირება ძალიან მკაფიო და გასაგებია და აღნიშნულ ეპიზოდში მსაჯს გოლის გაუქმების არანაირი საჭირო კრიტერიუმი არ გააჩნდა.
PGMOL-ის განცხადებით, რობერტსონი მეტოქის მეკარის წინ აშკარად გადაადგილდებოდა და ხელს უშლიდა, თუმცა ლივერპულმა უპასუხა, რომ ეპიზოდი ზედმიწევნით კარგად შეისწავლა სხვადასხვა რაკურსებით, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ შოტლანდიელი მცველი დონარუმას მოქმედებაზე არანაირ გავლენას არ ახდენდა.
VAR-ზე მყოფმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა არ ურჩია მთავარ მსაჯს რომ მომენტს თავად გადახედოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ლივერპულში მიაჩნიათ, რომ სისტემა თავისი შესაძლებლობებით სრულად არ იყო გამოყენებული.