-
Aa
+
ფონტის ზომა
„დღეს ფეხბურთის სამყაროს ბევრ წარმომადგენელს ვუერთდები და მოვუწოდებ ჯანი ინფანტინოს, გადადგეს FIFA-ს პრეზიდენტის პოსტიდან.
FIFA-ში არსებულ პრობლემებზე 10 000 სიტყვის დაწერა შემიძლია, მაგრამ გამოსავალს მხოლოდ სამი სიტყვა სჭირდება: ინფანტინო უნდა წავიდეს.
ფეხბურთი მთელი ცხოვრება მიყვარდა. 20 წელი პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი და დამიჯერეთ, ამ სპორტში არაერთ უპატიოსნო ადამიანს შევხვედრივარ.
მაგრამ ის, რაც ბოლო 10 დღის განმავლობაში ვიხილე, ყველაზე დაბალი, ყველაზე მატყუარა და ყველაზე ეგოისტური საქციელია, რაც ოდესმე მინახავს.
ადამიანი, რომელიც ასეთ რამეს აკეთებს, რომელიც ასეთ მასშტაბურ ცვლილებებს მხოლოდ საკუთარი და მეგობრების გამდიდრებისთვის ცდილობს, ფეხბურთის წარსულის გადმონაშთია და ამ თამაშის მომავალში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
თუ ეს მართლაც ასეთი კარგი იდეა იყო, რატომ არ უთხარით ამის შესახებ წევრებს მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ ყველა ერთად ერთ ოთახში იმყოფებოდა?
თუ ეს მართლაც ასეთი ძლიერი და საიმედო გეგმა იყო, რატომ არ აუხსენით წევრებს რისკებიც და მხოლოდ იმ სარგებელზე არ ისაუბრეთ, რომელსაც თავად აღწერდით?
თუ ეს მართლაც უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო, რატომ არ იყავით გულწრფელი და რატომ არ თქვით, რომ ამის შემდეგ წელიწადში 30 მილიონ დოლარიან სამსახურს მიიღებდით?
ეს ყველაფერი იმიტომ არ გაკეთდა, რომ ეს კარგი იდეა არ არის. ეს არ არის მყარი გეგმა, როდესაც გამჭვირვალედ არ საუბრობთ იმ უზარმაზარ მოგებაზე, რომელსაც კერძო საინვესტიციო ფონდები ყოველთვის ითხოვენ.
ეს არ არის გაბედული ნაბიჯი, როდესაც არ განმარტავთ, რომ თქვენი წილის გაყიდვის შემდეგ ის სამუდამოდ იკარგება და თქვენს მემკვიდრეებს მსოფლიო ჩემპიონატის საკუთრების უფლებას ართმევთ.
და ეს არ არის პატიოსნება, როდესაც არ ახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის კონტროლის თქვენს მეგობრებზე, ვაშინგტონში, გადაცემის შემდეგ, ისინი ხუთჯერ უფრო მაღალ ანაზღაურებას შემოგთავაზებენ, ვიდრე დღეს გაქვთ.
ეს ყველაფერი გასაკვირი არც არის, თუ გავიხსენებთ იმ ქმედებების გრძელ სიას, რომლითაც მან ფეხბურთის რეპუტაციას ზიანი მიაყენა, დისციპლინური გადაწყვეტილებების შეჩერებიდან და შეცვლიდან დაწყებული, თამაშის წესების დარღვევით, შესვენებაზე შოუს მოწყობით დასრულებული. მისთვის მთავარი მხოლოდ მეგობრების დაკმაყოფილებაა.
არც მაშინ არის გასაკვირი, როდესაც იორდანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, პრინც ალის, განცხადებებს კითხულობ, სადაც ის ინფანტინოს FIFA-ს მაფიოზურ მეთოდებში ადანაშაულებს, მათ შორის, იორდანიის ასოციაციის საქმიანობისა და დაფინანსების დაბრკოლებაში, მხოლოდ იმისთვის, რომ ნომინაციის წერილი მიეღოთ და პირადი ინტერესებით ნაკარნახევი მმართველობა გაეგრძელებინათ.
ფეხბურთს ნამდვილად სჭირდება ფინანსებზე საუბარი. მაგრამ არა იმ ფულზე, რომელიც ინვესტორებთან ან გაბერილ ადმინისტრაციულ ხელფასებზე უნდა წავიდეს.
მე იმ ფულზე ვსაუბრობ, რომელიც მოედნების აშენებასა და მწვრთნელების მომზადებას უნდა მოხმარდეს, რათა მსოფლიოს ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, ეს ულამაზესი სპორტი შეუყვარდეს.
მაგალითად, FIFA-ს 5 მილიარდ დოლარიან რეზერვებზე. რამდენი წილის გამოსყიდვა შეიძლება ამ თანხით ამ ბინძურ და ფარულ სქემაში? ყველა. შესაბამისად, გარე ინვესტიციაც საერთოდ აღარ არის საჭირო.
ეს გეგმა, ისევე როგორც თავის დროზე სუპერლიგა, მედიამ გაანადგურა, რადგან მისმა გამოძიებამ ყველა ფარული დეტალი გამოააშკარავა, სანამ მისი ავტორები საკუთარ გზავნილებსაც კი ჩამოაყალიბებდნენ. და საბედნიეროდ, ასე მოხდა.
ინფანტინომ იმ თანამდებობის ღირსება შელახა, რომლის ავტორიტეტის ამაღლებასაც გვპირდებოდა. მან იცრუა, ხალხი შეცდომაში შეიყვანა და საკუთარი თუ თავისი გარემოცვის გამდიდრება იმ თამაშის ხარჯზე სცადა, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს.
მან დაკარგა საკუთარი უფროსი თანამშრომლების, უახლოესი მრჩევლების, ფეხბურთისთვის ცხოვრების მიძღვნილი ადამიანების უდიდესი ნაწილის და, როგორც ჩანს, FIFA-ს მშვიდობის პრემიის ლაურეატის მხარდაჭერაც.
მისი ღირსების გადარჩენა უკვე გვიანია, მაგრამ ფეხბურთის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ის უნდა წავიდეს. ახლავე.
ლუიშ ფიგუმ ბრწყინვალე საკლუბო კარიერის განმავლობაში თითქმის 800 მატჩი ჩაატარა, სადაც სპორტინგის, ბარსელონას, მადრიდის რეალისა და ინტერის ღირსებას იცავდა. პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში მან 127 მატჩი გამართა, ხოლო 2017 წლიდან UEFA-ს საფეხბურთო მრჩეველია.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები