ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, პედრო როდრიგესმა, 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
პედრომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბუცებს ლურსმანზე კიდებს. კარიერის განმავლობაში მას ბარსელონას, ჩელსის, რომასა და ლაციოს მაისურით უთამაშია.
„ისტორიაში საუკეთესო ბარსელონას ნაწილად ყოფნა ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო. ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ და მთელი მსოფლიო გავაოცეთ. გულით ყოველთვის ბარსელონას გულშემატკივარი ვიქნები“, - განაცხადა მან.
პედრომ კარიერა ემოციური გზავნილით დაასრულა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მის გვერდით იყო:
ვგრძნობ, რომ სწორი დრო დადგა. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულები კი არა, თქვენ იყავით.
მადლობა კლუბებს, რომლებმაც კარი გამიღეს, და მწვრთნელებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს. მადლობა გულშემატკივრებს ამხელა სიყვარულისთვის და მადლობა ჩემს შვილებს, ოჯახსა და მეგობრებს. მადლობა, ფეხბურთო, რომ ასეთი ბედნიერი გამხადე“.
მის განცხადებას ბარსელონაც გამოეხმაურა:
შენ ყოველთვის ჩვენი ისტორიის ნაწილი იქნები. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ფეხბურთს მიეცი და ყველა იმ მომენტისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარე. ცხოვრების ახალ ეტაპზე ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.
პედრომ ბარსელონას ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა. კატალონიურ გრანდთან ერთად მან ლა ლიგა 5-ჯერ, ესპანეთის თასი 3-ჯერ და ჩემპიონთა ლიგა ასევე 3-ჯერ მოიგო. ის ასევე იყო ესპანეთის ნაკრების წევრი, რომელმაც 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ვინგერმა ბარსელონას მაისურით საერთო ჯამში 321 მატჩი ჩაატარა, 99 გოლი გაიტანა და კამპ ნოუზე ყოფნის პერიოდში 20 ტიტული მოიპოვა.