ბარსელონასთან კამპ ნოუზე განცდილმა გამანადგურებელმა მარცხმა (0:7) მადრიდის რეალის ქალთა გუნდის ირგვლივ სერიოზული კითხვები გააჩინა.
ესპანურ მედიაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მსგავსი შედეგი სამეფო კლუბის სტატუსსა და იმიჯს ნამდვილად არ შეესაბამება.
Radio Marca-ს ეთერში ესპანელმა ჟურნალისტმა რობერტო გომესმა შექმნილი ვითარება განიხილა და აღნიშნა, რომ ფლორენტინო პერესის წინაშე ახლა ორი გზაა. პირველი და ყველაზე რადიკალური სცენარით, შესაძლოა პრეზიდენტს ენთუზიაზმი დაეკარგოს და კლუბმა ქალთა პროექტი, ბოლო წლების პროგრესის მიუხედავად, საერთოდ დახუროს.
მეორე ვარიანტი გუნდის შენარჩუნებასა და ეტაპობრივი განვითარების გაგრძელებას გულისხმობს, რადიკალური ნაბიჯების გარეშე. თუმცა, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, კლუბებს შორის არსებული მეტოქეობა უკვე არაჯანსაღ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, ბარსელონას მხრიდან სუფთა სპორტულ ინტერესთან ერთად, შურისძიებისა და წყენის მოტივებიც იკვეთება, რაც მთლიანად ესპანეთის ჩემპიონატზე უარყოფითად მოქმედებს.
კამპ ნოუზე გაშვებული შვიდი გოლი ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა უფსკრულია ამჟამად კატალონიურ და მადრიდულ გუნდებს შორის. ახლა რეალის მთავარი გამოწვევა იმის მტკიცებაა, რეალურად შეუძლია თუ არა ამ უზარმაზარი სხვაობის აღმოფხვრა.