მადრიდის რეალში დარწმუნებულები არიან, რომ ბარსელონას უეფასგან მკაცრი სპორტული სანქციები ემუქრება.
ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით მადრიდულმა კლუბმა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 50 ათას გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტაცია გადასცა.
სანტიაგო ბერნაბეუზე მიიჩნევენ, რომ ეს მტკიცებულებები უეფას ბარსელონას წინააღმდეგ მოქმედებას აიძულებს. რეალი ითხოვს, რომ სპორტულმა ორგანოებმა ესპანურ სამოქალაქო სასამართლოზე სწრაფად იმოქმედონ. მათი არგუმენტით, მსაჯთა კომიტეტის ყოფილი ვიცე პრეზიდენტისთვის 15 წლის განმავლობაში თანხის გადახდა უეფას ეთიკის კოდექსის ფუნდამენტური დარღვევაა და კლუბი მაშინაც უნდა დაისაჯოს, თუ სასამართლო სისხლის სამართლის დანაშაულს ვერ დაამტკიცებს.
რეალის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უეფამ საჩივარი უკვე მიიღო და გამოძიება გრძელდება. მადრიდელთა მტკიცებით, საქმე ეხება განსაკუთრებული სიმძიმის მოვლენებს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებს ტურნირის სანდოობასა და მსაჯთა სისტემის მიმართ ნდობაზე.
უეფას წესდების თანახმად, ნებისმიერი კლუბი, რომელიც მატჩების შედეგებზე გავლენის მოხდენაში პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს, კონტინენტური ტურნირებიდან შეიძლება მოიკვეთოს. ბარსელონას შემთხვევაში, ეს ჩემპიონთა ლიგიდან მინიმუმ ერთი სეზონით დისკვალიფიკაციასა და სოლიდურ ფინანსურ ჯარიმას ნიშნავს.
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა სიტუაციის სერიოზულობა უკვე აღიარა და მას ფეხბურთის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა უწოდა. რეალი კი აცხადებს, რომ პროცესს აქტიურად დააკვირდება და ფეხბურთის გამჭვირვალობის დასაცავად უეფასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.