ადისის მარჯვენა მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ჩანდა.
25 წლის ფეხბურთელი, რომელმაც კოჭი სექტემბრის დასაწყისში იღრძო, ამ დრომდე ვარჯიშს ვერ ახერხებს და ყავარჯნებით გადაადგილდება.
გოჩოლეიშვილმა დაზიანება ალმერიასთან დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც კლუბის მომდევნო მატჩები და საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრები გამოტოვა. ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გიორგის ფეხზე სპეციალური ფიქსატორი უკეთია.
კადისის მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ სელადესმა ქართველი მცველის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექიმების თავდაპირველი ვარაუდი არ გამართლდა. მწვრთნელის განცხადებით, გამოჯანმრთელების პროცესი გაჭიანურდა და გიორგი გუნდს უახლოეს მომავალში ვერ დაეხმარება.
სამედიცინო გამოკვლევამ გოჩოლეიშვილს კოჭის სახსრის ნაწილობრივი დაზიანება გამოუვლინა. მსგავსი ტრავმის მოშუშებას ორიდან ექვს კვირამდე სჭირდება. ამ ეტაპზე რთული სათქმელია, როდის დაუბრუნდება ის მოედანს, თუმცა დანამდვილებით ცნობილია, რომ 3 ოქტომბერს ლეგანესთან შეხვედრას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ალბერტ სელადესის გუნდს ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ჩატარებულ შვიდ თამაშში გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. კლუბს ტრავმის გამო ვერ ეხმარება კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, იური ტაბატაძე.