ესპანური გამოცემა Vamos Mi Sevilla-ს ცნობით, სევილიას სამწვრთნელო შტაბი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი ქოჩორაშვილის დატვირთვით უკმაყოფილოა და შიშობს, რომ ფეხბურთელი კლუბს გადაღლილი დაუბრუნდება.
როგორც ირკვევა, ანდალუსიურ კლუბში ყველაზე მეტად ქოჩორაშვილის მდგომარეობა ეპრობლემებათ, რომელმაც უკრაინასთან მატჩში შეუცვლელად ითამაშა, მანამდე კი ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრაშიც დიდი დატვირთვა მიიღო.
საქართველოს ნაკრების სათამაშო სქემიდან გამომდინარე, ნახევარმცველს მეტოქეთა შეტევების ჩასაშლელად უზარმაზარი ენერგიის დახარჯვა უწევს, ეროვნული გუნდის დაძაბული გრაფიკი კი უახლოეს მატჩებშიც ნარჩუნდება:
ევროპული კლუბებისთვის სანაკრებო ფანჯრები ყოველთვის დამატებითი თავისტკივილია და გამონაკლისი არც სევილიაა, რომელიც ტრადიციული დილემის წინაშე დგას. სევილიაში ყველაზე მეტად გიორგი ქოჩორაშვილის მდგომარეობა აწუხებთ, რომელმაც უკრაინასთან მატჩში შეუცვლელად ითამაშა, მანამდე კი, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მსაჯის მიერ დამატებული წუთების ჩათვლით, თითქმის 100 წუთი დაიტვირთა.
გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთ შეუცვლელ ფიგურად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უნგრეთთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩებშიც მინდორზე იქნება. ეს სიტუაცია ნამდვილად საგანგაშოა სევილიური კლუბის ხელმძღვანელობისთვის, რადგან გუნდი მიიღებს ფეხბურთელს, რომელიც სეზონის ადრეული სტადიისთვის ზედმეტად გადაღლილი იქნება და ტრავმის მიღების რისკიც მოიმატებს.
მიუხედავად იმისა, რომ სევილიას ლა ლიგის მომდევნო ტურში ლევანტესთან დაპირისპირება 12 ოქტომბერს ელის, კლუბში ამ საკითხს სერიოზულად განიხილავენ და მხოლოდ საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ გადაწყვეტენ, რამდენად იქნება ქართველი ნახევარმცველი მოედანზე გასასვლელად მზად.