France Football-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი პასკალ ფერი კილიან მბაპესა და ლამინ იამალის მიერ ოქროს ბურთის მოსაპოვებლად წამოწყებულ საჯარო კამპანიას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ფეხბურთელების მხრიდან მსგავსი აქტივობა სტრატეგიულად არასწორია.
როგორც ფერიმ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბები და აგენტები გავლენისთვის ბრძოლას ადრეც ცდილობდნენ, მსგავსი მასშტაბისა და ღია ფორმის კამპანია უპრეცედენტოა და პოლიტიკურ პიარს წააგავს, რაც ჟიურის წევრების განწყობაზე შესაძლოა უარყოფთად აისახოს:
ოქროს ბურთის უამრავი დაჯილდოება მინახავს, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი მასშტაბის კამპანიის მოწმენი გავხდით. კამპანიები ადრეც ყოფილა, თუმცა მათ, როგორც წესი, კლუბები ან აგენტები ბევრად უფრო ფარულად და ჩუმად ატარებდნენ. ამჯერად ეს პოლიტიკურ კამპანიას წააგავს, რომლითაც კანდიდატები საკუთარ თავს პიარს უწევენ.
ეს საკმაოდ უცნაური და არაორდინალურია. ჟიურის წევრები გულუბრყვილოები არ არიან. მათ აქვთ საკმარისი გამოცდილება და განსჯის უნარი იმისთვის, რომ ფეხბურთელი შეაფასონ და აწონ-დაწონონ იმის 10-ჯერ ან 15-ჯერ მოსმენის გარეშეც, რომ ის საუკეთესოა. თუ ფეხბურთელი ყურადღების ცენტრს უცნაური ფორმით იკავებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჟიურიზე ზემოქმედებას ცდილობს, ამან საბოლოოდ, შესაძლოა, მათი გაღიზიანება გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ იამალმა და მბაპემ საჯაროდ არაერთხელ აღნიშნეს, რომ ოქროს ბურთი მათ უნდა მიიღონ.