ბარსელონას ვარსკვლავმა, რაფინიამ პარასკევს დილით სამედიცინო შემოწმება გაიარა, რათა მარჯვენა ბარძაყის არეში არსებული ტკივილის მიზეზი და სიმძიმე დაედგინა.
ბრაზილიელმა შემტევმა კუნთის შეშუპება სანაკრებო პაუზის დროს მიიღო. მან პირველი ამხანაგური მატჩი სრულად ითამაშა, მეორე შეხვედრაში კი მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი გაატარა.
გამოცემა სპორტის ინფორმაციით, გამოკვლევებმა სერიოზული დაზიანება გამორიცხა, რაც მთავარი მწვრთნელისთვის, ჰანსი ფლიკისთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. მუნდო დეპორტივო კი ადასტურებს, რომ კატალონიურ კლუბში შვებით ამოისუნთქეს და ფეხბურთელი შაბათს, ხეტაფეს წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.
ჟოან გამპერის სახელობის სპორტულ ბაზაზე ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა ის, რისი იმედიც კლუბს თავად ფეხბურთელთან საუბრის შემდეგ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო შტაბი რაფინიას მომავალ კვირაში მაინც დიდი სიფრთხილით მოეკიდება, როდესაც გუნდი ორშაბათიდან სრულფასოვან ვარჯიშს განაახლებს.