ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

მაია ხვალინსკა: დეპრესიიდან როლან გაროსის ფინალამდე
ჩოგბურთიჩოგბურთი

მაია ხვალინსკა: დეპრესიიდან როლან გაროსის ფინალამდე

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მას თითქმის სამუდამოდ უნდოდა ჩოგბურთისთვის ზურგის შექცევა, დღეს კი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი „კონკიას ამბის“ შემოქმედია.


თუ 2026 წლის ივნისამდე მაია ხვალინსკას შესახებ არაფერი გსმენიათ, მარტო არ ხართ და სწორედ ეს ხდის მის ისტორიას ასეთ გამორჩეულს.


პოლონეთის სამხრეთში მდებარ ქალაქ დომბროვა გურნიჩაში დაბადებულმა მაიამ ჩოგანი 7 წლის ასაკში აიღო ხელში, მას შემდეგ, რაც სკოლაში შერჩევის პროგრამის ფარგლებში შენიშნეს.


ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სილეზიის ინდუსტრიული ქალაქიდან გამოსული ეს პატარა გოგონა ერთ დღეს როლან გაროსის კორტებზე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ჩოგბურთელად იქცეოდა. თუმცა ამ ორ წერტილს შორის გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.


ვარსკვლავის დაბადება


ნიჭიერი ცაცია ხვალინსკა სწრაფად იქცა პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ახალგაზრდა მოთამაშედ. მისი მემარცხენე სტილი, დახვეწილი ტექნიკა და თამაშის ინტელექტუალური ხედვა მას თავისი თაობის ბევრ, ძალაზე დაფუძნებული მოთამაშისგან გამოარჩევდა.


მისი იუნიორული კარიერა მართლაც ბრწყინვალე იყო. ადრეული პოტენციალი ევროპის U14 და U16 წყვილთა ტურნირებზე გამარჯვებებითა და მხოლოდ 16 წლის ასაკში ავსტრალიის ღია პირველობის იუნიორთა ფინალში გასვლით გამოიკვეთა.


ავსტრალიის ღია პირველობის ეს წარმატებული სვლა მასთან ერთად განვლო პარტნიორმა, რომელიც მოგვიანებით სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი მოთამაშე გახდა - იგა შვიონტეკმა.


ისინი ახლო მეგობრები იყვნენ იუნიორულ წლებში, ერთად წარმოადგენდნენ პოლონეთს Junior Billie Jean King Cup-ზე და 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობის გოგონათა წყვილთა ტურნირზე ფინალისტებიც გახდნენ.


პროფესიული დებიუტიც ერთად ჰქონდათ 2015 წელს ზავადაში გამართულ ტურნირზე, ხოლო ITF-ის პირველი გამარჯვებები 2016 წელს ტორუნში იზეიმეს.


როგორც ჩანდა, პოლონეთმა ჩოგბურთის შემდეგი დიდი ვარსკვლავები იპოვა.



შედარების სიმძიმე


პროფესიონალად გადასვლამ ახალი ზეწოლა მოიტანა, რომლის ტარებაც ხვალინსკასთვის მარტივი არ აღმოჩნდა. 2019 წლის ივლისში მან პოლონეთის ქალაქ ბიტომში ერთეულთა პირველი პროფესიონალური ტიტული მოიგო, ხოლო იმავე წლის აგვისტოში პირველად შევიდა WTA-ს ტოპ 200-ში.


პროგრესი იყო, თუმცა ნელი და ყოველთვის ბავშვობის მეგობრის ელვისებური აღმასვლის ჩრდილში.


შვიონტეკის მსოფლიო ჩოგბურთის სუპერვარსკვლავად ქცევამ მისი შინაგანი ბრძოლა კიდევ უფრო გაამძაფრა.


მისით წარმოუდგენლად ვამაყობდი.


„მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავზე უფრო ცუდად ვგრძნობდი თავს, რადგან ვიცოდი, რომ ერთ ასაკში ვიყავით, ის კი უკვე ასეთ სიმაღლეზე იყო და ტურნირებს იგებდა. მე კი სად ვიყავი?“ - ამბობდა ხვალინსკა.


ეს კითხვა - „მე სად ვიყავი?“ - მისი კარიერის ყველაზე ღრმა კრიზისის საფუძვლად იქცა.


ყველაზე მძიმე პერიოდი: გაჩერების გამბედაობა


2021 წელს, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველივე წრეში მარცხის შემდეგ, ხვალინსკამ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო. მან ჩოგბურთიდან განუსაზღვრელი ვადით შესვენება აიღო და საჯაროდ განაცხადა, რომ დეპრესიას ებრძოდა.


მაშინ 19 წლის იყო და ჩოგბურთი მისთვის „ზეწოლასთან, სტრესთან და ცრემლებთან“ ასოცირდებოდა. თავადაც არ იცოდა, ოდესმე თუ დაუბრუნდებოდა სპორტს.


მისივე სიტყვებით, გამაფრთხილებელი ნიშნები დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა.


თავად შესვენება რთული არ ყოფილა. რთული იყო ის პერიოდი, რაც მას წინ უძღოდა.


„ძალიან მიჭირდა. თავიდან ვფიქრობდი, რომ უბრალოდ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, გამეძლო და ვარჯიში გამეგრძელებინა. მაგრამ საბოლოოდ საწოლიდან ადგომაც აღარ შემეძლო.


ფაქტობრივად, სიცოცხლისუნარიანობა დავკარგე. მივხვდი, რომ შესვენება მჭირდებოდა, თორემ ნორმალურად ცხოვრებასაც ვეღარ შევძლებდი.“ - იხსენებდა იგი.


ის ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ასეთ მდგომარეობას შეეჯახა. გრანდ სლემის 4-გზის ჩემპიონმა ნაომი ოსაკამ საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ისაუბრა და ბევრისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.


ხვალინსკამაც ძალა იმ სპორტსმენებისგან მიიღო, რომლებიც ამ თემებზე ღიად საუბრობდნენ, და რეიტინგზე მაღლა საკუთარი კეთილდღეობა დააყენა.


ოჯახთან დაბრუნებისა და პროფესიული დახმარების მიღების შემდეგ მან კვლავ იპოვა თამაშისგან მიღებული სიამოვნება და 4 თვის შემდეგ კორტებს დაუბრუნდა.


შედეგები ისე აღარ განმსაზღვრავს, როგორც ადრე.


„ვერ ვასხვავებდი მაიასა და ჩოგბურთელ მაიას, თითქოს ერთი და იგივე ვიყავით. უბრალოდ დრო მჭირდებოდა, რომ ეს გამერკვია.“ - ამბობდა იგი.



მშვიდი და შრომატევადი დაბრუნება


ჩოგბურთში დაბრუნება ნელი, მოკრძალებული და გაცილებით ღრმა საფუძვლებზე აგებული პროცესი იყო, ვიდრე უბრალოდ სარეიტინგო ქულების დაგროვება.


ამ გზაზე განსაკუთრებული როლი მისმა მწვრთნელმა, იაროსლავ მახოვსკიმ შეასრულა.


6 წელია ერთად ვართ და ეს ურთიერთობა უკვე უფრო მამა-შვილის ურთიერთობას ჰგავს.


„ის ძალიან მხარდამჭერია. სიმშვიდეს მანიჭებს.“ - ამბობდა ხვალინსკა.


წლების განმავლობაში ის ნაბიჯ-ნაბიჯ ბრუნდებოდა: ITF-ის ტურნირები, WTA 125-ის შეჯიბრებები, გრანდ სლემების საკვალიფიკაციო ბადეები.


მან კარიერაში ITF-ის 7 ერთეულთა და 14 წყვილთა ტიტული მოიგო. WTA-ს საკვალიფიკაციო ტურნირებში კი ჯერ კიდევ 2016 წლიდან მონაწილეობდა.


ეს არ იყო მოთამაშე, რომელსაც წარმატება ვინმემ აჩუქა. ყოველი ქულა და ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი მძიმე შრომით მოიპოვა.


2026 წლის აპრილში მან ოეირასის ქალთა ღია პირველობაზე WTA 125-ის მე-3 ტიტული მოიგო, რამაც კარიერაში საუკეთესო, 114-ე პოზიციაზე აიყვანა.


მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ პარიზში ასეთი ზღაპარი იწყებოდა.



პარიზი, 2026: ზღაპარი რეალობად იქცა


როდესაც ხვალინსკა 2026 წლის მაისის ბოლოს როლან გაროსზე ჩავიდა, ძირითად ბადეში მოსახვედრად ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა დასჭირდა.


საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ალის რამე, კაროლ მონე და სიუზან ლამენსი დაამარცხა. შემდეგ კი ნამდვილი მაგია დაიწყო.


პარიზში მისმა დაუჯერებელმა სვლამ ოლიმპიური ჩემპიონი ჟენგ ცინვენი, 23-ე ნომრად განთესილი ელის მერტენსი, მარია საკარი და ადგილობრივი ფავორიტი დაიან პარი მოიცვა.


მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული. მან ნახევარფინალის საგზური 22-ე ნომრად განთესილი ანა კალინსკაიას წინააღმდეგ ბრწყინვალე გამარჯვებით 7:6 (7:3), 6:3 მოიპოვა.


ძნელია ამის გააზრება... ტოპ 100-ის მიღმა ვიყავი და ახლა გრანდ სლემის ფინალში ვითამაშებ.


განაცხადა 24 წლის ხვალინსკამ მას შემდეგ, რაც რუსი დიანა შნაიდერი 7-6 (7-4), 6-4 დაამარცხა.



ამით ხვალინსკა გახდა პირველი ქალი, რომელმაც როლან გაროსის ფინალამდე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მიაღწია და ღია ერაში მხოლოდ მე-2 ქალი (ემა რადუკანუს შემდეგ), რომელიც გრანდ სლემის ფინალში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა.


2026 წლის საფრანგეთის ღია პირველობამდე ხვალინსკას გრანდ სლემის ძირითად ბადეში მხოლოდ 2-ჯერ ჰქონდა ნათამაშები - 2022 წლის უიმბლდონზე მე-2 წრემდე მივიდა, ხოლო 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველივე წრეში დამარცხდა.


ხვალინსკასთვის ამ წარმატების ფინანსური მნიშვნელობაც უზარმაზარი აღმოჩნდა.


პარიზამდე მთელი კარიერის განმავლობაში დაახლოებით 864 000 დოლარის საპრიზო თანხა ჰქონდა გამომუშავებული, ხოლო საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში გასვლით მან 1.624 მილიონი დოლარი გაინაღდა.


ეს ისეთი თანხაა, რომელიც, საგადასახადო ჩამოჭრების შემდეგაც კი, მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ის აღარასოდეს აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც წლევანდელ როლან გაროსზე იყო, როდესაც პარიზში ყოფნის დღეების მატებასთან ერთად ფინანსური პრობლემები შეექმნა და სასტუმროს გადასახადის გადახდის ფული აღარ ჰქონდა.


ტურნირი მოთამაშეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს, თუმცა თანხა ანაზღაურების პრინციპით გაიცემა: ჯერ თავად უნდა გადაიხადონ სასტუმროს ანგარიში და შემდეგ უბრუნდებათ თანხა.


ხვალინსკას ამ თანხის გადახდა არ შეეძლო. სწორედ მაშინ დაეხმარა მას მისი სპონსორი - იზოტონური სასმელების პოლონური კომპანია Oshee.


ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ხვალინსკას ჰკითხა, რატომ გამოდის ყოველ მატჩში განსხვავებული სპორტული ეკიპირებით და რა ისტორია იდგა ამ ცვლილებების უკან.


პოლონელს გაეცინა:


სიმართლე რომ ვთქვა, განსაკუთრებული ისტორია არ არსებობს. უბრალოდ სპონსორები არ მყავს და ალბათ ეს არის მთელი ისტორია.


ახლა კი ეს უკვე წარსულია. პარიზში გატარებულმა სამმა საგაზაფხულო კვირამ ყველაფერი შეცვალა.


ორშაბათს მაია ხვალინსკა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში იქნება, ხოლო მისი უახლოესი საზრუნავი იმის გადაწყვეტა გახდება, თუ იმ მრავალ კომპანიას შორის, რომლებიც უკვე დაუკავშირდნენ, რომელ სპონსორებთან გააფორმოს კონტრაქტი.


უფრო მეტი, ვიდრე ჩოგბურთელი


ხვალინსკას ისტორია მხოლოდ კორტზე მიღწეული შედეგების გამო არ არის ასეთი შთამბეჭდავი.


მისი ისტორია განსაკუთრებულია იმის გამო, თუ რამდენად გულწრფელად ისაუბრა ცხოვრების ყველაზე ბნელ პერიოდებზე - დეპრესიაზე, საკუთარ თავში ეჭვსა და იმ დილაზე, როდესაც საწოლიდან ადგომაც აღარ შეეძლო.


ამ გულწრფელობით ის უბრალოდ კიდევ ერთი წარმატებული ჩოგბურთელი აღარ არის.


მისმა ღიაობამ მისი ისტორია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახადა, განსაკუთრებით სპორტში, სადაც ზეწოლა ხშირად დამალული რჩება.


24 წლის ასაკში, 165 სმ. სიმაღლით, მემარცხენე თამაშის სტილითა და ორმხრივი ბექჰენდით, პარიზის წარმატების შემდეგ მსოფლიოს ტოპ 20-ში შესული მაია ხვალინსკა იმის ცოცხალი მტკიცებულებაა, რომ ფსკერიდან დაბრუნება შესაძლებელია; რომ ადამიანის იდენტობა არც რეიტინგით განისაზღვრება, არც შედეგით და არც სხვასთან შედარებით.


ის თითქმის სამუდამოდ წავიდა ჩოგბურთიდან. ამის ნაცვლად, კი ის თიხის საფარზე ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ყველაზე დიდ სცენაზე ავიდა და საკუთარი სახელი მთელ მსოფლიოს გააცნო.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

იგა შვიონტეკი
პოლონეთი
როლან გაროსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

03 ივნ, 2026

როლან გაროსის ყველა ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

News image

04 ივნ, 2026

VIDEO: როლან გაროსზე ქალთა ფინალური წყვილი გაირკვა

News image

05 ივნ, 2026

VIDEO: როლან გაროსის კაცთა ფინალური წყვილი ცნობილია

News image

7 სთ წინ

VIDEO: მირა ანდრეევა როლან გაროსის ჩემპიონია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

როლან გაროსის ყველა ნახევარფინალური წყვილი ცნობილია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

როლან გაროსის ყველა ნახევარფინალური წყვილი ცნობილია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: როლან გაროსზე ქალთა ფინალური წყვილი გაირკვა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: როლან გაროსზე ქალთა ფინალური წყვილი გაირკვა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: როლან გაროსის კაცთა ფინალური წყვილი ცნობილია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: როლან გაროსის კაცთა ფინალური წყვილი ცნობილია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: მირა ანდრეევა როლან გაროსის ჩემპიონია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: მირა ანდრეევა როლან გაროსის ჩემპიონია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი