ინგლისური კლუბის, ლივერპულის სატრანსფერო გეგმებზე ბრიტანულ მედიაში საინტერესო დეტალები ვრცელდება.
გამოცემების, Teamtalk-ისა და Football Insider-ის ჟურნალისტების ცნობით, წითლები ზაფხულში ალისონ ბეკერის გაშვებისთვის ემზადებიან და ახალი მეკარის დამატებაზე აქტიურად მუშაობენ.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი გრემ ბეილი იუწყება, ლივერპულის სატრანსფერო სიის სათავეში ზიონ სუზუკი იმყოფება და გიორგი მამარდაშვილი ბრაზილიელის გრძელვადიან შემცვლელად არ განიხილება. ამ ინფორმაციას Football Insider-იც ადასტურებს, კლუბთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ქართველს ენფილდზე არ მოიაზრებენ ისეთი კალიბრის მეკარედ, რომელმაც ალისონის წასვლის შემთხვევაში პირველი ნომრის პოზიცია უნდა დაიკავოს.
რაც შეეხება თავად 34 წლის ალისონს, ის კლუბიდან წასვლასთან ახლოს ჯერ კიდევ ზაფხულში იყო, როცა მის მიმართ სერიოზული ინტერესი იუვენტუსმა გამოიჩინა, თუმცა მაშინ ლივერპულმა მას კონტრაქტი 12 თვის ვადით გაუხანგრძლივა. ბოლო შეხვედრებში დაშვებული შეცდომებისა და არასტაბილური ფორმის გამო, ახლა უკვე აქტიურად საუბრობენ მის სამშობლოში, ბრაზილიაში შესაძლო დაბრუნებაზე. ჟურნალისტ პიტ ო'რურკის განცხადებით, მერსისაიდელები უკვე აკვირდებიან რამდენიმე კანდიდატს და ზაფხულისთვის სათადარიგო გეგმებს ამზადებენ.