რუბენ ამორიმის ხანმოკლე ეპოქა ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ შეცდომად იქცა.
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე წარდგენილმა ოფიციალურმა ფინანსურმა ანგარიშებმა პორტუგალიელი სპეციალისტის გათავისუფლების რეალური ფასი გამოააშკარავა.
კლუბის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, 5 იანვარს ამორიმისა და მისი სამწვრთნელო შტაბისთვის კონტრაქტის გაწყვეტა წითელ ეშმაკებს მაქსიმუმ 15.9 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდებათ. კომპენსაციის ზუსტი ოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად იპოვის პორტუგალიელი ახალ სამუშაოს.
ამ სამწვრთნელო როტაციის საერთო ხარჯებმა ასტრონომიულ 37.3 მილიონ ფუნტს მიაღწია:
10.4 მილიონი ფუნტი — ერიკ ტენ ჰაგის გათავისუფლების კომპენსაცია;
11 მილიონი ფუნტი — 2024 წლის ნოემბერში სპორტინგისთვის გადახდილი თანხა ამორიმის გამოსასყიდად;
15.9 მილიონი ფუნტი — ამორიმის შტაბისთვის განკუთვნილი მაქსიმალური კომპენსაცია.
ამორიმის მმართველობა სულ რაღაც 14 თვეს გაგრძელდა, რაც დევიდ მოიესის შემდეგ ყველაზე მოკლე ვადაა. 41 წლის სპეციალისტი ლიდსთან ფრის (1:1) და ხელმძღვანელობის (კერძოდ, საფეხბურთო დირექტორ ჯეისონ უილკოქსის) საჯარო კრიტიკის შემდეგ დაითხოვეს. მისი შედეგები კი კატასტროფული აღმოჩნდა: პრემიერლიგაში მე-15 ადგილი, მარცხი ევროპა ლიგის ფინალში და სენსაციური გავარდნა კარაბაოს თასიდან ქვედალიგელ გრიმსბისთან.