ჰალანდის აგენტი ბარსელონასთან კავშირს უარყოფს
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიქტორ ფონტი, მანჩესტერ სიტის ფორვარდის, ერლინგ ჰალანდის ტრანსფერზე პრიორიტეტულ უფლებას ითხოვდა, ფეხბურთელის აგენტმა ეს ხმები კატეგორიულად უარყო. ნორვეგიელ თავდამსხმელს კარიერის რომელიმე ეტაპზე ლა ლიგაში გადაბარგებას ხშირად უწინასწარმეტყველებენ, თუმცა, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე რეალ მადრიდთან მატჩის წინ, მადრიდში, ერთ-ერთ სასტუმროსთან მანჩესტერ სიტის სპორტულ დირექტორ უგო ვიანასთან ერთად ჰალანდის გარემოცვის წევრები, კარლეს პლანშარტი და ხავიერ აგილარი შენიშნეს. მალევე გაჩნდა ცნობები, რომ მხარეები ჰალანდის ტრანსფერზე წინასწარი შეთანხმების დეტალებს განიხილავდნენ. მანამდე კი ვიქტორ ფონტმა თავისი ოპონენტის, ჟოან ლაპორტას საუბრებს ხულიან ალვარესის შესაძლო ტრანსფერზე „ცარიელი სიტყვები“ უწოდა.
გადაცემა El Chiringuito-სთან საუბრისას, ჰალანდის აგენტმა რაფაელა პიმენტამ ჭორები მალევე გააქარწყლა:
„არაერთხელ მითქვამს, რომ ბარსელონას დიდ პატივს ვცემთ, თუმცა არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, არც ჰალანდთან, არც მის მენეჯერთან და არც რომელიმე პოტენციურ სამიზნესთან დაკავშირებით. ერლინგმა კონტრაქტი სულ რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა. ის მანჩესტერ სიტიში ბედნიერია, ყველაფერი კარგად მისდის და როცა საქმე ასე იდეალურადაა, ტრანსფერზე საუბარი ზედმეტია.“
რაც შეეხება ხულიან ალვარესს, ბოლო ინფორმაციით, ბარსელონა მას ზედმეტად ძვირადღირებულ ვარიანტად მიიჩნევს. კატალონიელებს ასევე უკავშირებდნენ ომარ მარმუშსაც, თუმცა მას მაღალ დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს. ფაქტია, რომ ბარსელონასთვის მთავარი პრიორიტეტი ცენტრალური თავდამსხმელის პოვნაა, თუმცა კონკრეტული და რეალური კანდიდატი ჯერჯერობით არ ჩანს.