სამშაბათს ღამით ბარსელონას ერთ-ერთი გულშემატკივრისთვის საკმაოდ უხერხული რამ მოხდა. მას შემდეგ, რაც საკუთარი გუნდის ჩემპიონთა ლიგის მატჩზე დასასწრებლად გაეშურა, სრულიად სხვა სტადიონზე აღმოჩნდა.
სანამ ბარსელონა ნიუკასლთან სენტ-ჯეიმს პარკზე მძიმე ბრძოლაში (1:1) ლამინ იამალის ბოლო წამებზე გატანილი პენალტით ქულას ინარჩუნებდა, ერთი „იღბლიანი“ ქომაგი ამ სანახაობას სრულიად გამოეთიშა. მიზეზი? ის ნიუკასლიდან 300 მილის დაშორებით, ქალაქ ექსეტერში ჩავიდა.
დაუჯერებელი შეცდომის გამო, ბარსელონას ფანი ექსეტერ სიტის სტადიონზე, რომელსაც ასევე სენტ ჯეიმს პარკი ჰქვია, გამოცხადდა. მან შეცდომა მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როცა სტადიონის თანამშრომლებს ბილეთი აჩვენა. საბედნიეროდ, ექსეტერელები სტუმართმოყვარეები აღმოჩნდნენ და კატალონიელი თამაშზე მაინც შეიყვანეს.
ადამ სპენსერმა, ექსეტერ სიტის გულშემატკივართა მომსახურების ოფიცერმა, მომხდარი ასე გაიხსენა:
„ჩვენი ერთ-ერთი მოხალისე ოფისში შემოვიდა და გვითხრა, რომ ერთი ბიჭი მოვიდა, რომელიც დარწმუნებული იყო, ბარსელონას თამაშზე მოვხვდიო. ინგლისურად კარგად ვერ საუბრობდა, მაგრამ როგორც მივხვდით, ლონდონიდან ჩამოვიდა. ჩემი ვარაუდით, ტელეფონში უბრალოდ ჩაწერა St James' Park და ნავიგაციას ბრმად გამოჰყვა“.
„ძალიან დათრგუნული და შერცხვენილი ჩანდა. ამიტომ, ბილეთი ვუშოვნეთ და საშუალება მივეცით, თამაშისთვის ნამდვილ სენტ ჯეიმს პარკზე ეყურებინა. ჩვენთან ნებისმიერ დროს ვუმასპინძლებთ,“ — დაამატა სპენსერმა.
მართალია, ბარსელონას ფანმა ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში ჩემპიონთა ლიგის ბატალიები გამოტოვა, მაგრამ სამაგიეროდ ინგლისის მესამე დივიზიონის (League One) ფეხბურთით დატკბა.
იმ საღამოს ექსეტერში ტომ ჰამერის 32-ე წუთზე გატანილმა გოლმა ლინკოლნ სიტის 1:0 გამარჯვება მოუტანა.