მარკო როისის დუბლმა LA გალაქსის რეალ სოლტ ლეიკთან მძიმე გამარჯვება მოუტანა.
კვირას გამართულ MLS-ის შეხვედრაში გალაქსიმ მეტოქე 2:1 დაამარცხა, ორივე გოლი კი გერმანელმა ვარსკვლავმა სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა.
მატჩი მასპინძელთა აქტიური შეტევებით დაიწყო და უკვე მე-9 წუთზე, საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული ჯარიმა როისმა ზუსტად შეასრულა. მან ბურთი ცოცხალ კედელს გადაატარა და ბადეში მოათავსა.
ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო მომენტები. რეალ სოლტ ლეიკის მხრიდან ჯეი ტი მარცინკოვსკიმ რთული ბურთი მოიგერია, იუსტენ გლადმა კი სტუმრები კრიტიკულ ეპიზოდში იხსნა.
პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში რეალ სოლტ ლეიკმა ანგარიში გაათანაბრა. ზავიერ გოზოს დარტყმული ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ მეკარეს ზურგზე და კარში შევარდა, რის გამოც გოლი მარცინკოვსკის ავტოგოლად ჩაეწერა.
მატჩის მიწურულს, რეალ სოლტ ლეიკის მცველმა სემ ჯუნკვამ საჯარიმოში მოთამაშე წააქცია და გალაქსიმ პენალტის უფლება მოიპოვა. ბურთთან კვლავ 36 წლის როისი დადგა, რომელმაც დაბალი და ზუსტი დარტყმით დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს ლიდერობა დაუბრუნა. ამ ორი გოლის ჩათვლით, გერმანელს 37 მატჩში 10 გოლი დაუგროვდა მას შემდეგ, რაც ის გალაქსის 2024 წლის ბოლოს შეუერთდა.
ამ გამარჯვებით გალაქსი დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზე გადავიდა და პლეი-ოფის ზონას მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება. რაც შეეხება რეალ სოლტ ლეიკს, ისინი მეექვსე პოზიციაზე რჩებიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუნდს გალაქსისთან სტუმრად ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან არცერთი არ მოუგია.