სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხუთშაბათს, კარიერის დასრულების შესახებ რაფა ნადალმა გამოაცხადა - დიდი სლემის ტურნირების 22 გზის გამარჯვებული, 14 როლან გაროსის მფლობელი და უბრალოდ ჩოგბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა.
ის არაერთი ლეგენდარული დაპირისპირების მონაწილე გახდა (განსაკუთრებით ორ ჩოგბურთელთან), გაიფორმა არაერთი უამრავი რეკორდი და ჩაატარა ასობით გრანდიოზული მატჩი. უკვე 20 წელზე მეტი გავიდა როჯერ ფედერერთან 2004 წლის მაიამის ტურნირზე სენსაციური გამარჯვებიდან და თითქმის 20 - რაც მან, სულ რაღაც 17 წლის ასაკში, დევისის თასზე იმდროის ვარსკლავის, ენდი როდიკის წინააღმდეგობა გატეხა.
თუმცა, რაფასთვის გარდამტეხი 2005 წელი აღმოჩნდა, როცა ნადალმა ჯერ მაიამის ეპიკურ ფინალში ფედერერთან წააგო, შემდეგ კი, საკმაოდ მალევე, თავისი პირველი და იმდროისთვის ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. დღეს გავიხსენებთ რომის ფინალს გილიერმო კორიას წინააღმდეგ, რომელსაც ბევრი სტაჟიანი მაყურებელი დღემდე თიხის ტურნირზე გამართულ ყველაზე დიდ მატჩად მოიაზრებს.
სასტარტო მღელვარება ჩემპიონს ვერ შეაფერხებს
2005 წლის 8 მაისი. გილიერმო კორია გასახდელისკენ მომავალ დერეფანში უცდის თავის მეტოქეს, რომელიც აგვიანებს. არგენტინელი კარგ ხასიათზეა, ღიმილით უთითებს საათზე ATP-ს წარმომადგენელს. კარგი ხასიათის მიზეზი მას ბევრი აქვს: ჯერ კიდევ გუშინ, ნახევარფინალში, მან ლეგენდარულ ანდრე აგასის ორ სეტში მოუგო, რაფამ კი სხვა პერსპექტიული ესპანელი, დავიდ ფერერი დიდი გაჭირვებით დაამარცხა. გარდა ამისა, თვეზე ნაკლებ პერიოდში რაფამ 16 გამარჯვების მოპოვება მოასწრო (საიდანაც ერთი - თავად კორიასთან მონტე კარლოს ფინალში), ამიტომ მორიგ ხუთსეტიან თამაშზე შეიძლება ენერგია აღარ დარჩეს. დაახლოებით ასეთი სცენარი განვითარდა იქამდე ორი მასტერსით ადრე - მაიამიში, სადაც მატადორი როჯერ ფედერერს ორ სეტს უგებდა, თუმცა შემდეგ ზედიზედ სამი წააგო.
მეორე მხრივ, გილერმო აღელვებულია იმით, თუ როგორ უნდა დაამარცხოს ეს ახალი, მენტალურად ძალიან გაზრდილი ნადალი. რამდენიმე წლის წინ, მონაკოში, ჯერ სულ ბავშვი ნადალის დამარცხება მას არ გასჭირვებია, თუმცა 2005-ს აპრილში რაფამ რევანში ოთხ სეტში აიღო - 6:3 6:1 0:6 7:5 (ჩოგბურთის შედარებით მცირეწლოვან მაყურებლებს გეტყვით, რომ ადრე მასტერსის ფინალებიც ხუთსეტიან ფორმატში იმართებოდა). ახლა გილერმომ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს და ინიციატივა ხელიდან არაფრით არ გაუშვას.
ბოლომდე მშვიდი არც რაფა ჩანს: ჯერ ბადესთან საერთო ფოტოს შესახებ ავიწყდება, შემდეგ გახურებაზე მარტივ სმეშებს აფუჭებს. თითქოს, ბურთი არ უჯერებს. იქნებ, არბიტრის მიერ მატჩის დაწყების ბრძანებასთან ერთად ყველაფერი გაქრება?
თუმცა, არა. გულშემატკივრების დიდი მოლოდინისგან განსხვავებით, პირველ გეიმებში არც ისე ხარისხიანი თამაში მიდის. ერთ-ერთმა ქომაგმა ვერ მოითმინა, რაღაც ხმამაღლა დაიყვირა და ტრიბუნები პოლიციის თანხლებით უმალვე დატოვა. თუმცა, მცირე სპონტანური შესვენება თამაშის ხარისხზე დიდად ვერ აისახა. ასეთ უხარისხო ჩოგბურთში გამოცდილებამ თავისი ქნა და პირველი უპირატესობა "ჯადოქარმა" მოიპოვა, როგორც მას სამშობლოში ეძახდნენ - 4:2. როდესაც რაფას წინაშე პირველი სეტის ხელიდან გაშვების რისკი დადგა, ის თითქოს ბრუნდება. დინამიკა მალე იცვლება და უკვე რაფა, ფორჰენდიდან დიაგონალური დარტყმით სეტბოლს იყენებს და ტაბლოზე 2:4-ს 6:4-ით ცვლის.
ემოციების სპექტრი
რომში ღრუბბლიანი დღეა, ზოგჯერ იგრძნობა მცირე ნიავიც, რომელიც ჩოგბურთს ხელს დიდად არ უშლის. ფორო იტალიკოზე მყოფი 10 ათასივე ადამიანი იმედოვნებს, რომ ეს ნიავი ქარში არ გადაიზრდება. მათ სიგიჟე მხოლოდ კორტზე სჭირდებათ.
მეორე სეტმა მაყურებელი მეტად გაახარა. კორიამ თავისი მეტსახელის გამართლება ჯადოსნური დამოკლებულებით დაიწყო, რომლებმაც შედეგი მესამე გეიმში მოუტანა: არგენტინელმა გენიალური დროფ-შოტი შეასრულა ჯერ 15:15-ზე, შემდეგ კი - უკვე ბრეიკ პოინტზე, რითაც ნადალის კონტრშეტევას სწრაფ ლიკვიდაციას უკეთებს. თუმცა, ესპანელი ბრძოლას აგრძელებს და ბრეიკს მალევე იბრუნებს. გაჩაღებული ბრძოლა გრძელდება მეშვიდე გეიმში, სადაც თანაბარზე ბურთი კარგ პოზიციაში რაფას ბექჰენდზე მისდის და სწორედ დარტყმის შესრულების წინ, კორტის თავზე სირენების ხმა გაისმა. შეუშალა თუ არა მას ამ ხმამ, მხოლოდ რაფამ იცის, თუმცა მისი დარტყმა ზედმეტად რბილი გამოდის და კორიამ მას ბურთი კომფორტულად შემოატარა - ბრეიკ პოინტი. კიდევ რამდენიმე წამში, რაფა თავად უშვებს შეცდომას და თავის გეიმს კარგავს.
სწორედ ამ გეიმმა გადაწყვიტა მეორე სეტის ბედი: გილერმოს საქმე ბოლომდე მშვიდად მიჰყავს და სეტს ხურავს - 6:3. მიუხედავად მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობისა, მესამე სეტს კორია უცნაურად სუსტად იწყებს. რაფა თავის შანსს ხელიდან არ უშვებს და მეტოქის მოწოდებას იგებს. მესამე სეტში კორტზე აშკარად ესპანელი დომინირებს, რომელმაც ერთი გათამაშება მეტოქეს გახეული სიმებითაც მოუგო. პირველი ოთხი გეიმი ერთი ადამიანის სასარგებლოდ მიმდინარეობს, მეორე კი შეცდომებს უშვებს. მეხუთე რთულად მოგებული გეიმის ბოლოს, კორიას უნებლიე შეცდომების რაოდენობა სეტში 13-მდე გაიზარდა, რაც თიხის ოსტატებისთვის მეტისმეტად ბევრია. გათამაშებები სამი-ოთხი დარტყმის შემდეგ სრულდება, არგენტინის ნაკრების მაისურებიანი ქომაგები კი მღელვარებას იწყებენ - ისევე, როგორც კორიას მეუღლე, რომელსაც რეჟისორი ყველაზე ხშირად აჩვენებდა, გამოცდილ მწვრთნელ ხოსე პერლასთან ერთად.
რა გეგმით და ტაქტიკითაც არ უნდა გაეშვა ამ მწვრთნელს კორტზე გილერმო კორია, ფაქტია რომ იმ მომენტში ისინი არ ამართლებდა. სხვათაშორის, იმ მწვრთნელს იქამდე როლან გაროსის ჩემპიონები, კარლოს მოია და ალბერტ კოსტა ჰყავდა გაწვრთნილი.
სეტის მეორე ნახევარში არგენტინელი ცოტათი გამოცოცხლდა და სიტუაცია შედარებით გამოისწორა. თუმცა, 5:3-ზე, რაფა მეტოქის მოწოდებას ბოლომდე ებღაუჭება, თითქოს, მისთვის სეტის მოგება პრინციპულად ახლავეა აუცილებელი, ამ გეიმში მსაჯმა ლარს გრაფმა "თანაბარი" 11-ჯერ დააფიქსირა. ამ გეიმში იყო ყველაფერი - კორიას იმედგაცრუება საეჭვო ქულის რაფასთვის მიცემის გამო, ტრავმის მიღების რისკით შესრულებული დარტყმის გამო, ორჯერ მარტივი ბურთის ბადეში გაშვების გამო. საბოლოოდ, გეიმის ბოლოსკენ არგენტინელი უარყოფითმა ემოციებმა გადაწონა: მორიგ სეტბოლზე შესრულებული ფორჰენდი აუტში მიფრინავს, კორტის მეორე ნახევრიდან კი ასე ყველასთვის ცნობილი "Vamooos!" ისმის - 6:3 რაფას სასარგებლოდ.
საფეხბურთო ატმოსფერო
1:2 სეტებში - დანებების მიზეზი ნამდვილად არ არის. მითუმეტეს, გილერმო შესვენების დროს კარგ ნიშანსაც იღებს: მისი 18 წლის ოპონენტი რექიმს ეძახის. მოულოდნელად, ესპანელს მარცხენა ხელის თითი გადაუხვიეს, რომელიც ჭრილობის გამო დაულურჯდა. მეოთხე სეტის პირველ გეიმებში ესპანელი აღელვებულად იყურება ხელზე, რომელიც კოჟრებით აქვს სავსე. ნადალი თამაშიდან ამოვარდნილია და ცოტა დაღლილსაც ჰგავს: ამიტომ, კორია აქტიურად იყენებს დამოკლებულებს. მესამე გეიმის მსვლელობისას, როცა ანგარიში 0:2 და 0:15-ა, რაფა სიგნალიზირებს, რომ კვლავ დახმარება სჭირდება და სკამისკენ მიდის.
კორტზე ესპანელი გადახვეული მაჯით ბრუნდება და უცებ, გაორმაგებული ენერგიით იწყებს თამაშს. არგენტინელი გონს მხოლოდ 2:2-ზე მოდის, როცა მორიგი ბრეიკ-პოინტის შესრულება შეძლო და კვლავ წინ გაიყვანა. თავის მხრივ, 23 წლის არგენტინელი, რომელიც პატარა რაფას ფონზე ნამდვილ ბიძას ჰგავს, არადა თავადაც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას, თავის მინი-გამარჯვებებს მებრძოლის სტილში აღნიშნავს და "ole!"-ს ყვირის.
სწორედ ეს ხმა გაისმა კორტზე სეტის მიწურულს, როცა სეტ-პოინტზე რაფამ მისი ჩაწოდება ბადეში მიიღო - 6:4 და სეტებში ანგარიში კვლავ გათანაბრდა. ჩოგბურთელები კორტზე უკვე ოთხი საათია იმყოფებიან: რომში აცივდა და ნელ-ნელა ბინდდება. თუმცა, ჩათბილული არგენტინელი ქომაგები არსად არ მიდიან (ისევე, როგორც სხვები) და შესვენებების დროს ხმაურიანად ასრულებენ სიმღერას, რაც ჩოგბურთს საფეხბურთო მატჩის ატმოსფეროს სძენს - ან დევისის თასის, როგორც შემდგომში თავად რაფამ აღნიშნა.
რაფა, თავის მხრივ, კვლავ ექიმის დახმარებას ითხოვს - მართალია თითის გამო, მაგრამ კითხვებს იწვევს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მთლიანობაში. ეყოფა თუ არა ენერგია მეხუთე სეტისთვის, რომელშიც მისი მეტოქე კორტზე ემოციურად ამაღლებული გამოვა?
სასტარტო გეიმებში პასუხი აშკარა და ამაღელვებელი იყო: ნადალმა თავისი მოწოდება ორჯერ წააგო და ერთხელ ბრაზი ბურთზეც ამოიღო, რომელიც წარუმატებელი პირველი მოწოდების შემდეგ, მეტოქის მხრიდან დაუბრუნდა. მაყურებლები უსტვენენ, ისინი მეტოქის მხარეს არიან და მცირერიცხოვანი ესპანელი ენთუზიასტები მათი ხმის გადაფარვას ვერ ახერხებენ.
„ის თავის გუნდს უყურებდა და თითქოს ეუბნებოდა: "აღარ შემიძლია". კორტზე უკვე 4 საათზე მეტი გვქონდა გატარებული. "ეს ჩემი მატჩია" - საკუთარ თავს ვუთხარი ეს სიტყვები, როცა 3:0 წავიყვანე." - იხსენებდა კორია 2020-ში.
მიუხედავად ამისა, როგორც ეს ჩოგბურთში ხშირად ხდება, სიტუაცია თავდაყირა ძალიან მალე დადგა. კორიას 3:0 და 30:0 მიჰყავს, ნადალი გადაღლილია და მომგებიანი პოზიციებიდან აგებს ქულებს - თითქოს, შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს. თუმცა რაფას მაიამიში განცდილი მარცხის გამეორება არ უნდა და საკუთარი თავი გონს სასოწარკვეთილი ფორჰენდებით ცდილობს, რაც ხალხის თვალს არ გამოეპარა. სტადიონი უცებ ევროპელის მხარეს გადადის და ის ქამბექს სასწაული დამოკლებულით იწყებს მეოთხე გეიმის ბრეიკ-პოინტზე - 1:3 და კორტზე გაცოცხლებულ რაფას ვხედავთ, რომელიც ფენიქსივით ფერფლიდან აღსდგა და თითქოს, ახლა მას ვეღარაფერი შეაჩერებს. რაფამ კორტზე წონასწორობა მალევე აღადგინა.
„როცა 0:3-ს ვაგებდი, ხალხმა თავისი მხარდაჭერით გამომაცოცხლა. მათი მადლობელი ვარ, ისინი მომატებაში დამეხნარნენ. ენერგია ცოტა მქონდა დარჩენილი და მას გულშემატკივრებისგან ვიღებდი." - იხსენებდა შემდგომში მანაკორელი სპორტსმენი.
პუბლიკას ენერგია აშკარად მეტი ჰქონდა. ტრიბუნები თავს ირთობდნენ, არა, მათ არ ართობდა ცნობილი სკანდალისტი ჯონ მაკინროი, რომელიც მშვიდად იჯდა და დაჯილდოვების ცერემონიას ელოდებოდა. ხალხის გამხიარულებაზე პასუხისმგებელი ერთი ჭაღარა კაცი იყო, რომელიც სიხარულით ხტებოდა რაფას ყოველ მოგებულ ქულაზე. ამ ყველაფრის ფონზე, აშკარად უკლებს კორია: დარტყმები შესუსტდა, ბურთების დაბრუნება უფრო და უფრო უჭირს, კონცენტრაცია იკარგება. თუმცა, შიდა რესურსები ჯერ კიდევ აქვს, რის ხარჯზეც ის მეცხრე გეიმში ფარულ მატჩ-პოინტსაც აღწევს.
აი, სწორედ ეს არის მატჩის გადამწყვეტი სიტუაცია. მატჩის დრო 4:40-ს აჩვენებს, კორიას ბრეიკ-პოინტი და ამავდროულად ფარული მატჩ-ბოლი აქვს. რაფამ ცოტა რისკიან დამოკლებულს რისკავს, რასაც გილერმო ნადალისთვის კომფორტული დარტყმით პასუხობს - ესპანელის წინაშე გახსნილია მთელი კორტი, თუმცა რაფა რატომღაც მოჭრილის შესრულებას ასრულებს. ეს იყო დარტყმა, რომელზეც ბოლო მომენტამდე ვერ გაიგებდი, კორტში ჩავა თუ აუტში გადავარდება. ალბათ, რაფასთვის და მისი ქომაგებისთვის ეს ბურთი მთელი საუკუნე მიფრინავდა. საბედნიეროდ, ნატკენმა ხელმა ესპანელი არ დააღალატა და ბურთი კორტში ჩაეშვა.
რამდენიმე გეიმის შემდეგ, უკვე კორიას მოუწია მატჩის დასრულების გადადება, როცა 5:6-ზე მან მატჩ-პოინტი ფორჰენდების გაცვლის შემდეგ მოიგერია. დაძაბულობისგან არგენტინელმა ბურთსაც კი უკბინა, სულ რამდენიმე წუთში კი გენიალური გადაგდებით რაფას თავზე გადაატარა და საქმე ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა, რის შესახებაც ბოლომდე თავადაც არ იცოდა. მე-13 გეიმის დაწყების წინ, ორივე მოთამაშემ მსაჯთან გადააზუსტა, რა ფორმატით ტარდება მეხუთე სეტი.
უშალოდ ტაი-ბრეიკზე რაფა უფრო დამაჯერებლად გამოიყურება და პირველი ექვსი გათამაშებიდან ხუთს თავის სასიკეთოდ ასრულებს. თუმცა, კორიამ ჩამორჩენა მალევე შეამცირა, თუმცა სრულ აღმოფხვრაში ხელი მარტივი შეცდომის გამო შეეშალა, მაშინ როცა ანგარიში 4:5 იყო. ამ შეცდომის შემდეგ, ესპანელმა 6:4 წაიყვანა და ორი მატჩ-პოინტი მოიპოვა. ახლა რაფას საჩუქრების გადაცემის დრო მოვიდა, რომელმაც მეტოქეს ორი ბურთი მარტივი შეცდომებით აჩუქა (ერთ-ერთ ქულაზე ჩაწოდებაზე დაუშვა ორმაგი შეცდომა) და ორი-მატჩ პოინტი მორიგ ექვსიანებში გადაიზარდა - 6:6 სეტში, 6:6 ტაი-ბრეიკზე. მიუხედავად მიღებული საჩუქრებისა, არგენტინელი თითქოს 4:5-ზე დაშვებულ შეცდომას ვერ ივიწყებს.
მხარეების გაცვლის შემდეგ პირველი ქულა ნადალის კარნახით წარიმართა, 7:6-ზე კი, მორიგ მატჩ-პოინტზე, რაფა დაცვიდან ამოდის და მეტოქეს შეცდომის დაშვებას აიძულებს - 8:6 ტაი-ბრეიკზე და ახალგაზრდა ესპანელი სიხარულისგან კორტზე ეცემა (სპოილერი: ასეთ აღნიშვნას მისგან კიდევ მრავალჯერ ვიხილავთ).
"არ ვიცი, სად გადის ჩემი ზღვარი"
"აქ 10-ჯერ მაქვს მოგებული, მაგრამ კორიასთან და როჯერთან მოპოვებული 5-სეტიანი გამარჯვებები ყველაზე ცალსახად მახსოვს", - იხსენებდა მოგვიანებით რაფა 2005 და 2006 წლის ფინალებს. ვფიქრობ, ხალხიც ასეა, მათ ეს ფინალები სხვებზე მეტად ახსოვთ. თუმცა, თუ ასარჩევად მაქვს საქმე, მაშინ პირველს მეორეზე მაღლა დავაყენებდი.
რას ამბობდა რაფა უშუალოდ ფინალის შემდეგ? "ეს იყო ყველაზე რთული მატჩი ჩემს ცხოვრებაში. მინდა გულშემატკივრებს გადავუხადო მადლობა, იმიტომ რომ მათ გარეშე მეხუთე სეტს 2:6-ს წავაგებდი." - ამბობდა ის დაჯილდოვების ცერემონიაზე.
„დაუვიწყარი მატჩი, ცალსახად ყველაზე დასამახსოვრებელი და დაძაბული ჩემს კარიერაში." - დაამატა მატადორმა პრესკონფერენციაზე, სადაც უკვე მაკარონით სავსე თეფშით მივიდა. უნდა მივულოცო კორიას, რომელმაც დიდებული მატჩი ჩაატარა და დაამტკიცა, რომ თიხაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის საოცრად თამაშობდა. ვფიქრობ, მე ტაი-ბრეიკზე იმის ხარჯზე მოვიგე, რომ უფრო აგრესიულად, უშიშრად და ძლიერად გადავწყვიტე თამაში, რაც კარგად გამომივიდა კიდეც.
ცოტა სამწუხარო იქნებოდა ასეთი რთული, ხუთსეტიანი თამაშის წაგება. მაგრამ საკუთარი დონით კმაყოფილი ვარ. უფრო სამწუხარო იქნებოდა ცუდად რომ მეთამაშა. მაგრამ დღეს კარგად ვითამაშე და იმედგაცრუებული არ ვარ."
ჟურნალისტები, რომლებიც მაშინვე მოიაზრებდნენ რაფა ნადალს როლან გაროსის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად, ინტერესდებოდნენ, შეუძლია თუ არა მას უკეთ თამაში: "არ ვიცი, სად გადის ჩემი ზღვარი. იმედი მაქვს, ეს არის და თამასას არ დავაგდებ. მთავარია - თავდაუზოგავად ვიშრომო, დღიდან დღემდე დავხვეწო საკუთარი დარტყმები. მოსამატებელი ყველაფერში მაქვს: უკეთ ჩაწოდებაც შემიძლია, უფრო ახლოს კუთხეებთან ბურთების გაშვებაც."
კორია კი კვლავ უდიდეს ტრიუმფთან ერთ ნაბიჯში დარჩა - ისევე, როგორც ერთი წლის წინ, როცა პარიზულ ფინალში გასტონ გაუდიოსთან ვერ გამოიყენა მატჩპოინტები. "არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ ხუთი სეტი ვირბინე და ბოლოს ორი ქულით წავაგე. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს ნორმალურია. ტოპ-ჩოგბურთელთან წავაგე, რომელმაც დიდებული თამაში ჩაატარა. გამარჯვებას მაქსიმალურად მივუახლოვდი, მაგრამ ის ძალიან თავდაჯერებული იყო და დაუჯერებელ დარტყმებს ასრულებდა.
ყოველი გეიმით უფრო და უფრო გაკვირვებული ვრჩებოდი მისი სისწრაფითა და დარტყმებით. უბრალოდ, არ მტოვებდა აზრი, რომ უნდა გავუმკლავდე ფიზიკურად და მორალურად. რაფაელი არ ნებდებოდა, ისევე როგორც მე."
იმ მომენტისთვის, ნადალისა და კორიას ფინალი ATP-ტურის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი იყო, ბევრმა ექსპერტმა მას თიხაზე გამართული ისტორიაში საუკეთესო თამაშის წოდებაც მიანიჭა და ასევე, ამ შეხვედრამ ბევრ მომავალ ჩობურთელზე იქონია გავლენა, რომელთა შორის არიან კეი ნისიკორი და მატეო ბერეტინიც. იაპონელი, მაგალითად, 2022-ში, ამ შეხვედრას მასტერსების ისტორიაში საუკეთესო უწოდა.
ნადალის მაშინდელმა გამარჯვებამ ის უმალვე არ აქცია თიხის მეფედ ან იმ ლეგენდად, რომელიც ის ახლაა, მაგრამ გვიჩვენა მისი შესაძლებლობები და დაგვანახა, რომ ესპანელს შეუძლია დაუჯერებელი სირთულეების გადალახვა და მრავალსაათიანი ბრძოლების გაძლება - მაშინაც კი, როცა ხელებზე კოჟრებისგან სისხლი სდის, ფეხები კი გადაღლილობისგან ეკეცება.
იმ დღეს, რაფამ ყველა მხრივ მატადორის ნახტომი შეასრულა - ის მსოფლიო ჩოგბურთის ელიტაში სულ რაღაც 18 წლის ასაკში შეხტა, რეიტინგის ტოპ-5 ში დაიმკვიდრა ადგილი, ისევე, როგორც რომაული მასტერსის ისტორიაშიც. იმ მასტერსის, რომელსაც რაფაელი მომავალში კიდევ ცხრაჯერ მოიგებს. სამწუხაროდ, მის ბრძოლებს ვერც ამ და ვერც სხვა კორტზე ჩვენ ნოემბრის დევისის თასის შემდეგ ვეღარასდროს ვიხილავთ, მაგრამ საბედნიეროდ, არქივი ნადალის ამ და სხვა უდიდეს ბრძოლებს სამუდამოდ დაიმახსოვრებს, ისევე როგორც ჩვენი მეხსიერება, რომელშიც რაფა ნადალს სამუდამოდ აქვს დამკვიდრებული თავისი საპატიო ადგილი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები