საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლების შესაძლო რეკორდზე ისაუბრა.
ამჟამად მბაპეს ანგარიშზე მუნდიალებზე გატანილი 14 გოლია. რეკორდს ლიონელ მესი და მიროსლავ კლოზე იყოფენ, რომელთაც 16-16 ბურთი აქვთ გატანილი.
ხვალ ღამე (01:00) საფრანგეთი მუნდიალი 2026-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ერაყს დაუპირისპირდება. მბაპესთვის ეს მატჩი შესაძლოა მე-100 გახდეს ეროვნულ გუნდში.
„ნაკრებში თამაში ყოველთვის სასიამოვნოა, ეროვნულ გუნდზე მნიშვნელოვანი არაფერია.
[ნაკრებში 100 მატჩი] ისტორიული მიღწევაა, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატზე, თუმცა შედეგი ყველაფერზე მნიშვნელოვანი იქნება.
ვიცოდი, რომ ლიონელი [ალჟირს] გაუტანდა, ის ყოველთვის იტანს. რაც შემეხება მე, ამჟამად ჩამოვრჩები.
აქ 40 წლამდე არ ვითამაშებ - იქამდე თქვენ თვითონ გამაგდებთ. ასე შორს არ ვიყურები, უბრალოდ მინდა ამ მსოფლიო ჩემპიონატით ვისიამოვნო.
მესი საუკეთესო ფეხბურთელია, კრიშტიანუსთან ერთად, ეს აშკარაა. მე უბრალოდ ვცდილობ, ჩემს გუნდს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო. ყველაფერი დანარჩენი - უბრალოდ ჟურნალისტების საკამათო თემებია.
ახლა ჰალანდზე და ნორვეგიაზე არ ვფიქრობ - შეიძლება ისინი ფიქრობენ ჩვენზე, მაგრამ მე ერაყზე ვფიქრობ“, - განაცხადა მბაპემ.