სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გამართული ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის უდიდესი წარმატებით დასრულდა. პლანეტის პირველობა ერთბაშად ორმა ქართველმა - ნონა გაფრინდაშვილმა და ზურაბ სტურუამ მოიგო.
75 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა 11 შესაძლებლობიდან 7 ქულა დააგროვა და კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ სენიორთა შორის იგი მსოფლიო ჩემპიონი უკვე მეცხრედ გახდა, ხოლო მისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში ეს საერთო ჯამში მე-14 მსოფლიო ტიტულია.
ბრწყინვალედ იასპარეზა ზურაბ სტურუამაც, რომელმაც +65 ასაკობრივ ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა. მან ჩემპიონატი დაუმარცხებლად განვლო, 11 პარტიიდან 8.5 ქულა მოაგროვა. ცნობისთვის, სტურუას 50 წელს ზემოთ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა წარსულში ორჯერ აქვს მოპოვებული.