კორინთიანსის თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ განმარტა, თუ რატომ იყენებდა მობილურ ტელეფონს ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩის დროს, როცა ის სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.
ფლამენგოსთან გამართული შეხვედრის (1:1) მეორე ტაიმში ტელეკამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც ნიდერლანდელი ფორვარდი ტელეფონში რაღაცას გამეტებით წერდა. 32 წლის დეპაი მოედნიდან ტრავმის გამო ჯერ კიდევ 22-ე წუთზე გაიყვანეს. ფეხბურთელის თქმით, ის ნაკრების სამედიცინო შტაბს თავისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
მინდა განვმარტო, რომ ტელეფონს მხოლოდ ნიდერლანდების ნაკრების სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციისთვის ვიყენებდი. შემეძლო გასახდელში დავრჩენილიყავი, მაგრამ მოედანზე იმიტომ დავბრუნდი, რომ გუნდისთვის მხარი დამეჭირა.
ნიდერლანდების ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ასევე დასძინა, რომ თამაშის შედეგით იმედგაცრუებულია და უკეთესი დღეებისთვის მუშაობას აგრძელებს.
მანჩესტერ იუნაიტედისა და ბარსელონას ყოფილი თავდამსხმელი კორინთიანსს 2024 წლის სექტემბერში შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში მან ბრაზილიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 77 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა.