კრისტალ პალასმა მომავალი სეზონის ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა მას შემდეგ, რაც ლაიფციგში გამართულ კონფერენს ლიგის ფინალში რაიო ვალეკანო დაამარცხა.
ამ გამარჯვებით პალასი გახდა მე-3 ინგლისური კლუბი, რომელმაც კონფერენს ლიგის ტიტული მოიგო - ვესტ ჰემისა (2023) და ჩელსის (2025) შემდეგ.
ოლივერ გლასნერის გუნდმა ასევე უზრუნველყო, რომ პრემიერ ლიგას 2026/27 წლების სეზონში ევროპის ტურნირებზე ერთდროულად რეკორდული რაოდენობის, 9 კლუბი ეყოლება.
კონფერენს ლიგის მოგებით კრისტალ პალასი ავტომატურად გავიდა ევროპა ლიგის ლიგის ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის ცხრილში მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავა.
პირველი ევროპული ტიტული ისტორიაში - კრისტალ პალასი კონფერენს ლიგის გამარჯვებულია
მათი კვალიფიკაცია გავლენას არ ახდენს იმ ადგილებზე, რომლებიც სხვა ინგლისურმა კლუბებმა უკვე მოიპოვეს. ბორნმუთმა და სანდერლენდმა ევროპა ლიგის საგზურები ჩემპიონატში მე-6 და მე-7 ადგილებზე გასვლით მოიპოვეს, ხოლო ბრაიტონმა კონფერენს ლიგაზე თამაშის უფლება მიიღო სეზონის მე-8 ადგილზე დასრულების შემდეგ.
ჩემპიონთა ლიგაზე არსენალს, მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედსა და ასტონ ვილას ლივერპული შეუერთდა, რომელმაც კვალიფიკაცია პრემიერ ლიგისთვის გამოყოფილი European Performance Spot-ის მეშვეობით მოიპოვა.
პალასის ევროპულმა ტრიუმფმა პრემიერ ლიგას საშუალება მისცა, გაემეორებინა საკუთარი რეკორდი - UEFA-ს ტურნირებზე მონაწილე 9 კლუბი, რაც 2025/26 წლების სეზონის მაჩვენებელს გაუტოლდა.
თუმცა, მომავალ სეზონში ინგლისს ევროპის ტურნირებზე რამდენიმე ახალი წარმომადგენელი ეყოლება. ბორნმუთი, ბრაიტონი, მანჩესტერ იუნაიტედი და სანდერლენდი ნიუკასლს, ნოტინგემს, ტოტენჰემსა და ჩელსის ჩაანაცვლებენ.