-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე თითქმის აღარაფერი რჩება. შაბათს, 30 მაისს, 20:00 ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება - 2025/26 წლების სეზონის დასკვნითი მატჩი ბუდაპეშტში, პუშკას არენაზე გაიმართება. დღევანდელ ბლოგში ფინალისტების კომბინირებული თერთმეტეულის ჩვენებურ ვერსიას შემოგთავაზებთ.
სქემა: 4-3-3
მეკარე: დავიდ რაია
პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანის მფლობელი ესპანელი ჩემპიონთა ლიგაზეც შეუდარებელია - 13 მატჩში 4 გაშვებული გოლი და 13 მშრალად შენახული კარი. რაია არსენალის წაუგებელი სვლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
ფლანგის მცველები: აშრაფ ჰაკიმი და ნუნო მენდეში
უკვე მეორე სეზონია რაც პარიზელთა ფლანგის მცველები უმაღლესი დონის ფეხბურთს სთავაზობენ გულშემატკივარს. დაცვაში სტაბილურად თამაშთან ერთად შედეგიანები არიან შეტევაში - ამ სეზონში პორტუგალიელის ანგარიშზე 13, ხოლო მაროკოელის 11 საგოლე მოქმედებაა.
ცენტრალური მცველები: გაბრიელ მაგალაესი და ვილიამ სალიბა
არსენალის ცენტრალური დაცვის დუეტი ალბათ საუკეთესოა მსოფლიოში. სალიბამ ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 7-ში არსენალს გოლი არ გაუშვია. 11 მატჩში ითამაშა ბრაზილიელმაც - გაბრიელის ანგარიშზე 6 მშრალად შენახული კარი, ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.
ცენტრალური ნახევარმცველები: ვიტინია, ჟოაო ნევეში და დეკლან რაისი
ფლანგის მცველების არ იყოს, პარიზელთა ნახევარდაცვის დუეტიც უკვე ორი სეზონია მოწოდების სიმაღლეზეა. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელების თამაშის ციფრებში ასახვა შეუძლებელია, ნევეშსა და ვიტინიას არც ციფრები დაეწუნებათ, ჟოაომ ამ სეზონში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორჯერ გაუტანა ბაიერნს ჩემპიონთა ლიგაზე - ერთხელ ლიგის ფაზაში, მეორედ კი ნახევარფინალში. ვიტინიას ანგარიშზე 15 საგოლე მოქმედებაა - გამოსარჩევია პორტუგალიელის 6 გოლი ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში.
არსენალის ერთ-ერთ მთავარ ძალას სწორედ ინგლისელი ცენტრი წარმოადგენს და ბევრის აზრით, დეკლან რაისი მეთოფეთა საუკეთესო მოთამაშეცაა. მიმდინარე სეზონში რაისის ანგარიშზე 15 საგოლე მოქმედებაა. არაერთი ავტორიტეტული გამოცემის აზრით, ინგლისელი ოქროს ბურთის ხუთეულშიც კია.
შემტევი ტრიო : კვარაცხელია, დემბელე, დუე
პარიზელთა შემტევი სამეული მართლაც რომ შეუდარებელია. მოქმედი ოქროს ბურთის მფლობელი ამ სეზონში ქართველმა შემტევმა გადაფარა, მრისხანე დუეტს კი გვერდს შარშანდელი ფინალი საუკეთესო მოთამაშე, დეზირე დუე უბამს. 10 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით ქართველი უკვე გახდა პსჟ-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში.
კვარაცხელიამ ფლეი-ოფში 7 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში (ფლეი-ოფი) ნებისმიერ კლუბში მასზე მეტი გოლი მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს გატანილი - კრიშტიანუ რონალდუს 2013/14 სეზონში (8 გოლი მადრიდის რეალში), ლიონელ მესის 2011/12 სეზონში (8 გოლი ბარსელონაში) და კარიმ ბენზემას 2020/21 სეზონში (10 გოლი მადრიდის რეალში). ქართველს მიმდინარე სეზონის ზედიზედ 7 საპლეიოფო შეხვედრაში აქვს საგოლე მოქმედება, რაც ასევე ტურნირის რეკორდია.
სეზონის დასკვნით ფაზაში, საოცარ ფორმაში შევიდა ბალონ დორის მოქმედი გამარჯვებული უსმან დემბელე. დუბლი ლივერპულთან, დუბლი და საგოლე გადაცემა ბაიერნთან და გოლი ალიანს არენაზე - მედიამ აქტიურად დაიწყო საუბარი ფრანგის მეორე ოქროს ბურთზე.
გასული სეზონის ფინალის MVP-მ კიდევ ერთ შესანიშნავ სეზონს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დეზირეს თამაში ციფრებში არ ითარგმნება, ფრანგს არც სტატისტიკა აქვს დასაწუნი - 35 მატჩში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა.
ფინალის წინ წასაკითხი: გახდება კვარა პირველი ფეხბურთელი ვინც ზედიზედ ორ ფინალში გაიტანს?

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები