ჩელსის ვარსკვლავ ენცო ფერნანდესს ძალიან უნდა, რომ მომავალი სეზონიდან რეალ მადრიდში გადაბარგდეს და ძალები ლა ლიგაში გამოსცადოს.
როგორც ირკვევა, არგენტინელი ნახევარმცველი უკვე სერიოზულად ფიქრობს ამ ზაფხულს სტემფორდ ბრიჯის დატოვებაზე და კლუბიდან წასვლას თავადვე მოითხოვს.
ენცოს მადრიდულ გრანდთან დიდი ხანია აკავშირებენ. ჯერ კიდევ გასულ თვეში, ბენფიკას ყოფილმა ლიდერმა თავადვე მიანიშნა, რომ ბერნაბეუზე თამაშით დაინტერესებული იყო, რამაც ჩელსის ხელმძღვანელობის ცუდი რეაქციაც კი გამოიწვია. თუ ამ დღეებში გავრცელებულ ბოლო ინფორმაციას ვენდობით, ენცოს ეს სურვილი და ახალი გამოწვევის პოვნის აზრი დროთა განმავლობაში საერთოდ არ განელებულა.
სატრანსფერო ექსპერტი ბენ ჯეიკობსი პირდაპირ ამბობს, რომ ფერნანდესს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ჩელსიდან წასვლა და რეალ მადრიდისგან შეთავაზებას სიხარულით დათანხმდება.
ახლა მთავარი კითხვა ის არის, რეალურად აპირებს თუ არა სამეფო კლუბი ნახევარდაცვის გაძლიერებას და გადაიხდის თუ არა იმ დიდ თანხას, რასაც ლონდონელები არგენტინელში მოითხოვენ.