ენტონი გორდონის ბარსელონაში გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მარკუს რაშფორდის ტრანსფერში ცვლილებებით ინტერესდებიან. წესით, კატალონიელები რაშფორდის გაშვებას საერთოდ არ აპირებენ და მისი კონტრაქტის საბოლოოდ გამოსყიდვა მაინც ძალაში რჩება.
ბარსელონას ხელმძღვანელობამ ამ სატრანსფერო ამბებით დღეს მთელი ევროპა ფეხზე დააყენა. კლუბის სპორტული დირექტორი, დეკუ, პირადად ჩაფრინდა ინგლისში ნიუკასლთან მოსალაპარაკებლად და საქმე ძალიან სწრაფად მოაგვარა.
ბოლო ინფორმაციით, ნიუკასლის საუდელმა მფლობელებმა ბარსას წინადადება უკვე მიიღეს. ტრანსფერი 70 მილიონი ევრო ჯდება, მაგრამ ბონუსებით 80 მილიონსაც გადააცილებს. გორდონი უკვე ამ კვირაში ჩავა ბარსელონაში სამედიცინო შემოწმებაზე და კონტრაქტსაც ხელს მოაწერს.
შეთანხმება მიღწეულია - ენტონი გორდონი ბარსელონაში ითამაშებს
ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, ჭორები გააჩინა. გამოცემები ვარაუდობდნენ, გორდონის მოსვლის შემდეგ რაშფორდს ალბათ აღარ დაიტოვებენო, თუმცა, ცნობილი ინსაიდერი გილემ ბალაგე ამბობს, რომ რაშფორდის თემა ბარსელონაში კვლავ აქტუალურია.
მან სოციალურ ქსელში დაწერა: „რაშფორდისთვის ბარსაში არაფერი სრულდება, კლუბს მისი დატოვებაც უნდა. კატალონიელები ფინანსურ პრობლემებს თავს აღწევენ და კიდევ ორი-სამი დიდი ტრანსფერის გაკეთების ფული ექნებათ“.