ტომ ასპინალმა UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად დათმო.
თითქმის ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, ბრიტანელმა მებრძოლმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქამარზე უარი თქვა. ყველაფერი სირილ განისგან მიღებული თვალის უმძიმესი ტრავმით დაიწყო, რამაც ჩემპიონის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ვითარებას UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, დემეტრიუს ჯონსონი გამოეხმაურა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ასპინალი ოქტაგონზე აღარასდროს გავა.
„მას გამოჯანმრთელება ვუსურვე, მაგრამ ვფიქრობ, ტომი ბრძოლას ვეღარ შეძლებს. მისი თვალი მუდმივად რისკის ქვეშ იქნება და მხედველობის დაკარგვად არანაირი სპორტი არ ღირს“, - აღნიშნა ჯონსონმა.
სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც ბრიტანელმა რემატჩისთვის მზადებისას, სპარინგის დროს თვალი ხელახლა დაიზიანა. ახლა მას იანვარში უკვე მეოთხე ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო პერიოდი შესაძლოა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდეს და კარიერის გაგრძელება მართლაც წარმოუდგენელი გახდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ასპინალის სპორტული მომავალი ბეწვზე ჰკიდია, მის ფრანგ მეტოქეს მომხდარის გამო სინანული არ გამოუხატავს. სირილ განი ბრიტანელის მიერ ქამრის დათმობას საკმაოდ ცივად შეხვდა და აღნიშნა, რომ ახლა მხოლოდ საკუთარი ტიტულის დაცვაზეა ფოკუსირებული.