საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურის მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.
ჩვენი ნაკრები საბერძნეთის ძლიერ გუნდთან მძიმე ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
ბერძნებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს და პირველ ნახევარშივე ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. თავი ალენმა (მე-6 წუთი) და ბაკულასმა (მე-13 წუთი) გამოიჩინეს. მეორე ტაიმში, კერძოდ 65-ე წუთზე, პნევმონიდისმა ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
შვიდი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 9 ქულა აქვს და საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს. ჯვაროსნები გერმანიასა (21 ქულა) და საბერძნეთს (21 ქულა), ასევე ჩრდილოეთ ირლანდიას (11 ქულა) ჩამორჩებიან, ხოლო ლატვიასა (5 ქულა) და მალტას (1 ქულა) უსწრებენ.
ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო შეხვედრას პირველ ოქტომბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ნაკრებს სათავეში გიორგი ადამია ჩაუდგა, რომელმაც აღნიშნულ პოზიციაზე რამაზ სვანაძე შეცვალა, რადგან უკანასკნელი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.