ბარსელონამ დაადასტურა, რომ მარკუს რაშფორდი ატლეტიკოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
კატალონიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინგლისელ ფორვარდს მუხლის არეში დისკომფორტი აწუხებს, რაც მალიორკასთან მოგებულ შეხვედრაში (3:0) მიღებული დარტყმის შედეგია. რაშფორდი ესპანეთის თასის ხვალინდელ ნახევარფინალს თავის დაზღვევის მიზნით გამოტოვებს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ატლეტიკოსთან მატჩში ბარსელონას კიდევ ერთი შემტევი, რაფინია დააკლდება. ბრაზილიელმა ბარძაყის კუნთის გადატვირთვის გამო უკვე გამოტოვა ალბასეტესთან და მალიორკასთან შეხვედრები და გუნდთან ერთად ვარჯიში დღესაც ვერ შეძლო.
ესპანეთის თასის პირველი 1/2 ფინალი ატლეტიკოსა და ბარსელონას შორის მადრიდში, სტადიონ მეტროპოლიტანოზე ხვალ, 12 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.