ეს ისტორია სიმართლე რომ არ იყოს, ალბათ ბევრს გაეცინებოდა.
წარმოიდგინეთ სურათი: გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ეკრძალება, სტადიონზე მღვდლის სამოსით ცხადდება და მითითებებს ღობის მიღმა დადგმული კიბიდან იძლევა.
შემთხვევა ოქტომბერში, იტალიის მესამე კატეგორიის ჩემპიონატში, გალგანიანოსა და იუნიონ მულაცანოს მატჩის დროს მოხდა. იუნიონ მულაცანოს მწვრთნელმა, მატეო ჩიჩერიმ, რომელსაც 2025 წლის ნოემბრამდე მუშაობა აკრძალული ჰქონდა, ორიგინალურ ხერხს მიმართა, მან ანაფორა ჩაიცვა და სტადიონის მომიჯნავე ტერიტორიიდან დაიწყო გუნდის მართვა.
თუმცა, "წმინდა მამის" როლში ჩიჩერი დიდხანს ვერ გაჩერდა. როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის დასკვნაში ვკითხულობთ, მეორე ტაიმის 37-ე წუთზე, როდესაც მეტოქემ გოლი გაიტანა, ანაფორიანმა მწვრთნელმა მოედნის პერიმეტრი დაარღვია, მინდორზე შევარდა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს წიხლი ჩააზილა.
ამით ყველაფერი არ დასრულებულა.. 48-ე წუთზე, როდესაც მისმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, ჩიჩერი კვლავ შეიჭრა მოედანზე, ამჯერად გოლის აღსანიშნავად, რა დროსაც მეტოქეებს შეურაცხყოფას აყენებდა.
შედეგად, მატეო ჩიჩერის დისკვალიფიკაცია კიდევ ოთხი თვით გაუხანგრძლივდა. გარდა ამისა, ორი თვით დაისაჯა კლუბის პრეზიდენტიც, თავად გუნდს კი 500-ევროიანი ჯარიმა დაეკისრა.