ჰაიდენჰაიმთან ამხანაგურ მატჩში მოედანზე ზედიზედ მეორედ წაქცევის შემდეგ ჯამალ მუსიალამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და მისი ოფიციალური დიაგნოზი დაასახელა.
,,უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, თავს კარგად ვგრძნობ! განსაკუთრებით მადლობელი ვარ თქვენი შეტყობინებებისა და მხარდაჭერისთვის!
მესმის, რომ ბევრი თქვენგანი ღელავს. დღეს მინდა, ეს შეშფოთება შეგიმსუბუქოთ და აგიხსნათ, რა ხდება:
ექიმებმა დამიდგინეს დროებითი, ხანმოკლე, თუმცა მარტივად სამკურნალო აბსანსური (ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა) ეპიზოდები, რომლებიც ნევროლოგიურ დისფუნქციას უკავშირდება.
სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს ის ეპიზოდები, რომლებიც ბოლო პერიოდში მოხდა, როგორც ლაიფციგთან, ასევე ახლა, ჰაიდენჰაიმთან მატჩში.
ვიცი, რომ ერთი შეხედვით ეს ყველაფერი შეიძლება შემაშინებლად გამოიყურებოდეს, თუმცა ამ ეტაპზე ჩემთვის ეს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
საუკეთესო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ვარ და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბაიერნი და ჩემი ახლობლები ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და ამ გზაზე მხარს მიჭერენ.
მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ ამასთან დაკავშირებული დამატებითი ჯანმრთელობის რისკი არ არსებობს.
სპეციალისტებთან მჭიდრო კოორდინაციისა და რეგულარული კონსულტაციების შემდეგ, ჩემი პირადი სურვილი იყო, ამ გამოწვევას შევჭიდებოდი და ნევროლოგების ნებართვით კვლავ გამეგრძელებინა ის, რაც გამოჯანმრთელებაში ყველაზე მეტად მეხმარება, უბრალოდ ვიცხოვრო ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით და გავაგრძელო ჩემი მთავარი გატაცება, ფეხბურთის თამაში.
ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. მთლიანობაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და გამოჯანმრთელების სწორ გზაზე ვარ.
ამ გზაზე ყველაზე მეტად მეხმარება ის, რომ ჩემს გუნდთან ერთად და თქვენი საოცარი მხარდაჭერით კვლავ გავაგრძელო გამარჯვებებისა და ტიტულებისთვის ბრძოლა.
იმედი მაქვს, ახლა უკეთ გამიგებთ. ამავდროულად, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩემს სურვილს, რომ ამ საკითხზე საუბარი კვლავ მხოლოდ ჩემი უახლოესი ადამიანების, კლუბისა და სპეციალისტების წრეში დარჩეს.
დიდი მადლობა! თქვენი J" - წერია გერმანელი ფეხბურთელის პოსტში, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
შეშფოთება მუსიალას გარშემო - ბაიერნის ვარსკვლავი მოედანზე კვლავ დაეცა