რუმინეთში მირჩა ლუჩესკუს სახელობის სტადიონი აშენდება.
რუმინეთის ეროვნული ნაკრების, შახტარის, ზენიტის, კიევის დინამოსა და ინტერის ყოფილი მთავარი მწვრთნელი 7 აპრილს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კატალინ პრედოიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ბუქარესტის დინამოს მომავალ არენას ლუჩესკუს სახელი ეწოდება. სტადიონის მშენებლობა კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება.
მირჩა ლუჩესკუ დინამოს ღირსებას 1963-დან 1977 წლამდე იცავდა, მოგვიანებით კი კლუბში 1990 წელსაც ითამაშა. 1985-დან 1990 წლამდე ის დედაქალაქური გუნდის მწვრთნელი იყო.
ამ წლების განმავლობაში, სხვადასხვა სტატუსით, ლუჩესკუმ შვიდჯერ მოიგო რუმინეთის ჩემპიონატი და სამჯერ — ქვეყნის თასი.