მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან მეორე ბრძოლაზე ისაუბრა და გაიხსენა მომენტი, როცა მიხვდა, რომ გამარჯვება გაუჭირდებოდა.
ქართველი მებრძოლის თქმით, მეორე რაუნდში წარუმატებელმა ჭიდაობის მცდელობამ დიდი ენერგია წაართვა და გეგმის შეცვლა აიძულა.
„ათ წამში მთელი ენერგია დავხარჯე და გავიფიქრე: ახლა რა ვქნა? მგონი, მის წაქცევას ვერ შევძლებ, უბრალოდ უნდა ვიბრძოლო“, - თქვა დვალიშვილმა UFC on Paramount+-თან ინტერვიუში.
მერაბის განმარტებით, ბრძოლამდე დარწმუნებული იყო, რომ მეტოქეს როგორც დგომში, ისე ჭიდაობაში გაუწევდა კონკურენციას.
„ვფიქრობდი, რომ დგომში ბრძოლას შევძლებდი და როცა მოვინდომებდი, წავაქცევდი კიდეც. დგომში ვიბრძოდით და დარტყმა მომაყენა. მეორე რაუნდში მისი წაქცევა ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე. ვფიქრობდი: ახლა რა გავაკეთო? შემდეგ უბრალოდ ბრძოლა გავაგრძელე და გადავწყვიტე, მისგან სიამოვნება მიმეღო. მივხვდი, რომ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებდი“, - აღნიშნა ქართველმა.
იანმა ის შეხვედრა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და სუპერმსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა. დვალიშვილმა 29 მცდელობიდან მეტოქის წაქცევა მხოლოდ ორჯერ შეძლო.
ახლა მერაბი მესამე დაპირისპირებისთვის ემზადება და ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი არ უჩვენებია: „მაქვს იარაღი, რომელიც ჯერ არ გამომიყენებია“.
დვალიშვილისა და იანის მესამე ბრძოლა 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC 333-ზე გაიმართება. მათი ურთიერთშეხვედრების ანგარიშია 1:1, სასწორზე კი საჩემპიონო ქამარი იქნება.