პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად მანჩესტერ სიტი 4:2 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მაშინ შევიდა, როცა პარიზელები 4:1-ს იგებდნენ.
ქართველი შემტევი ტრავმირებული არ ყოფილა. მისი ძირითად შემადგენლობაში არყოფნა ლუის ენრიკეს ტაქტიკურ არჩევანს უკავშირდებოდა, თუმცა მწვრთნელს კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.
ეს ზედიზედ მეორე მატჩი იყო, რომელშიც კვარაცხელია ძირითადში ვერ მოხვდა. მანამდე, ლე მანთან 3:1 მოგებულ შეხვედრაში, ხვიჩამ შეცვლიდან 30 წუთზე მეტი ითამაშა და გოლიც გაიტანა.
სიტის წინააღმდეგ ენრიკემ შეტევაში დეზირე დუე, უსმან დემბელე და მაგნეს აკლიუში გაამწესა. მარცხენა ფლანგზე, სადაც ჩვეულებრივ ქართველი თამაშობს, დუე მოქმედებდა.
კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში არც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, სლოვანთან ყოფილა. იმ შეხვედრაში მას სათამაშო დრო საერთოდ არ მიუღია.
სიტისთან მატჩამდე ენრიკემ აღნიშნა, რომ ფეხბურთელების მზადყოფნით კმაყოფილი იყო.
„მწვრთნელისთვის დიდი უპირატესობაა, როცა ყველა ფეხბურთელი მის განკარგულებაშია. ეს მატჩი ჩვენთვის შესაფერის დროს მოდის, რათა ვნახოთ, რა შეგვიძლია“, - განაცხადა პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა.