სენტ-ტრუიდენთან იბერია 1999-ის მარცხს ბელგიურ მედიაში მკაცრი შეფასება მოჰყვა.
ცნობილმა გამოცემა HLN-მა ქართული გუნდის თამაშის დონე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასპინძლებს უფრო დიდი სხვაობით უნდა მოეგოთ.
„ქართველი მეკარის მიერ ბურთის მკერდით მიღება საუკეთესო იყო, რაც სტუმრებისგან ვნახეთ. იბერია 1999-მა ძალიან ცოტა შემოგვთავაზა. მონდომება არ აკლდათ, მაგრამ თამაშის ხარისხით ბელგიური სამოყვარულო გუნდის დონეზე იყვნენ“, - წერს გამოცემა.
სენტ-ტრუიდენმა ანგარიში ვანვესემალის გოლით გახსნა, თუმცა ამის შემდეგ ტემპი შეამცირა და უპირატესობის გაზრდა დიდხანს ვერ მოახერხა. სტატიის ავტორის შეფასებით, ბელგიელები დომინირებდნენ, მაგრამ შეტევაში სიმწვავე აკლდათ.
მასპინძლები გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებულები იყვნენ, რომ სტადიონზე გამარჯვების სიმღერა 74-ე წუთზევე ჩართეს, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 1:0 იყო.
საბოლოო წერტილი ილიას სებაუიმ დასვა. მან შენიშნა, რომ იბერიას მეკარე კარიდან წინ იყო გამოსული და მოედნის შუახაზს ოდნავ გაცდენილმა ეფექტური დარტყმით გაიტანა - 2:0.
სენტ-ტრუიდენისთვის ეს ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იყო. მიუხედავად ისტორიული შედეგისა, გამოცემა გუნდისგან მეტს ელოდა და ხაზს უსვამს, რომ მომდევნო შეხვედრებში ასეთი თამაში საკმარისი ვერ იქნება.