გიორგი ქოჩორაშვილის სევილიაში ტრანსფერის საკითხზე მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი პროგრესია მოსალოდნელი.
პორტუგალიური A Bola-ს ცნობით, ანდალუსიურმა კლუბმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სატრანსფერო პრიორიტეტების სათავეში მოაქცია და ახლა უფრო მზად არის, 27 წლის ნახევარმცველი სრულფასოვანი ტრანსფერით შეიძინოს.
სევილიას ინტერესი კონკრეტულია, თუმცა მთავარ დაბრკოლებად გარიგების პირობები რჩება. უთანხმოება ლისაბონის სპორტინგის მოთხოვნას უკავშირდება, რომელსაც ფეხბურთელის დაუყოვნებლივ გაყიდვა სურს, რათა ლევანტედან მის შეძენაში გადახდილი 5.5 მილიონი ევრო დაიბრუნოს.
თავის მხრივ, სევილია ლა ლიგის მიერ დაწესებული ფინანსური შეზღუდვების გამო სერიოზული სირთულეების წინაშე დგას.
მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის არსებობს რწმენა, რომ ჩიხიდან გამოსვლა შესაძლებელი იქნება. სევილიას მთავარი მწვრთნელი ლუის გარსია ქოჩორაშვილს შვეიცარიელი ჯიბრილ სოუს იდეალურ შემცვლელად მიიჩნევს. სოუ იტალიურ ჯენოაში 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
ტრანსფერი ახლა კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ამავდროულად, ქოჩორაშვილის მდგომარეობას ხეტაფე და დეპორტივოც აკვირდებიან.