ოქროს ბურთის 8-გზის გამარჯვებულს "ოლ სთარში" მონაწილეობაზე უარი ძვირად დაუჯდა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა გადატვირთული გრაფიკის გამო ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობაზე უარი თქვა, რის გამოც დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს.
გუშინ MLS-ის ყველა ვარსკვლავის გუნდი მექსიკური Liga MX-ის ყველა ვარსკვლავის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 მოიგო. თუმცა, ამერიკელების გუნდს მთავარი ვარსკვლავი, ლეო მესი აკლდა, რომელმაც მატჩში მონაწილეობა არ მოისურვა.
ამერიკული ლიგის წესების თანახმად, ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ყველა ვარსკვლავის მატჩს "საპატიო მიზეზის" გარეშე გამოტოვებს, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება. საპატიო მიზეზი კი მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას ითვალსწინებს.
შედეგად, მესი ცინცინატისთან ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.
ლეო მესის გარდა, ანალოგიური სასჯელის მოხდა ჟორდი ალბასაც მოუწევს.
ანალოგიური სასჯელი მოიხადა თავის დროზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც, რომელმაც ე.წ. "ოლ სთარის" მატჩში მონაწილეობა იუარა.