დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის 34-ე ტურში, ბათუმი არენაზე გამართულ შეხვედრაში თორნიკე კირკიტაძის დუბლით გორის დილა 2:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
მასპინძელთა ლიდერმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა. კირკიტაძემ გადაცემა ჩაჭრა, თანაგუნდელებთან ერთად შეუტია და იერიში თავადვე დააგვირგვინა, 81-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა.
34 ტურის შემდეგ დინამო ბათუმმა 65 ქულა დააგროვა, იბერია 1999-ს (63 ქულა) გადაასწრო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. მე-3 ადგილზე 62 ქულით დინამო თბილისია, მე-4 პოზიციას 59 ქულით რუსთავი იკავებს, ხოლო მე-5 ადგილზე 47 ქულით ქუთაისის ტორპედო იმყოფება.
გორის დილა 43 ქულით მე-6 ადგილზეა, რასაც მოსდევენ სამგურალი (39 ქულა), სპაერი (32 ქულა), გაგრა (31 ქულა) და ლიგა 2-ში დაქვეითებული ტყიბულის მეშახტე (23 ქულა).