საქართველოს ეროვნული ლიგა 3-ში სეზონის დასრულებამდე 4 ტური რჩება.
ჩემპიონატის 26-ე ტურში თანალიდერებმა დაგეგმილი, მაგრამ რთული 3-3 ქულა აიღეს - გურიამ შინ ვიტ ჯორჯია დაამარცხა (1:0), ხოლო თბილისი 2025-მა ასევე საშინაო შეხვედრაში ორბის აჯობა (2:1).
იბერია 1999-ის მეორე გუნდმა, ბოლოადგილოსან ქედის ბეთლემთან 10:1 გამარჯვებით, საპლეიოფო ზონაში პოზიცია გაიმყარა და მეხუთეადგილოსანს 6 ქულით დაშორდა, გონიომ კი უშუალო კონკურენტ თბილისის მერანს 3:0 მოუგო და 4-ქულიანი უპირატესობა შეიქმნა.
1. გურია (ლანჩხუთი) - 59 ქულა;
2. თბილისი 2025 (თბილისი) - 59 ქულა;
3. იბერია 1999 2 (თბილისი) - 49 ქულა;
4. გონიო (გონიო) - 47 ქულა;
5. მერანი (თბილისი) - 43 ქულა;
6. დინამო თბილისი 2 (თბილისი) - 39 ქულა;
7. ვიტ ჯორჯია (მცხეთა) - 38 ქულა;
8. ლოკომოტივი (თბილისი) - 37 ქულა.
თუკი გურია (სტუმრად იბერია 2010-თან) და თბილისი 2025 (სტუმრად დიდუბესთან) მომდევნო ტურში 3-3 ქულას აიღებენ, ეროვნული ლიგა 2-ში თამაშს სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდებენ.
ცნობისთვის, ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს საუკეთესო ორი გუნდი პირდაპირ მიიღებს, მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს კი მისი მოპოვების შანსი პლეი-ოფით ექნებათ.
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 21-გოლიანი გურამ ლუკავაა (თბილისი 2025), დათა სიჭინავას (გურია) ანგარიშზე 18 გოლია, იბერია 1999 2-ის ფორვარდმა აკაკი მენაღარიშვილმა 15 გოლი შეაგდო.
ფოტო: გურია ლანჩხუთი