საქართველოს ფუტსალის ნაკრები კოსოვოსთან მატჩისთვის ემზადება.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო შეხვედრას 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა დასკვნითი ვარჯიში უკვე ჩაატარა, თუმცა შესარჩევი ციკლის სტარტს საკადრო დანაკლისით ხვდება.
ტრავმის გამო ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ღავთაძე ვერ დაეხმარება და ის კოსოვოსთან ერთად იტალიის წინააღმდეგ მატჩსაც გამოტოვებს.
მატჩზე დასწრება გულშემატკივრებისთვის თავისუფალია.