ლეო მესიმ მადრიდის სიერა ოესტეს რეგიონის აღდგენისთვის 80 000 ევრო გაიღო.
,,მსურს, მადლობა გადავუხადო მას და ვუთხრა, რომ მადრიდის მოსახლეობა იმედოვნებს, მალე უმასპინძლებს, რათა დაიმსახურებული ოვაციებით შეხვდეს." - წერს მადრიდის ავტონომიური რეგიონის პრეზიდენტი, იზაბელ დიას აიუსო, სოციალურ ქსელში.
ესპანეთში, მადრიდის მახლობლად გაჩენილი სიერა ოესტეს ხანძარი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი გახდა.
ხანძარმა მადრიდის ავტონომიურ რეგიონში მდებარე 17 მუნიციპალიტეტში 27 000 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა, დატოვა განადგურებული ლანდშაფტი და ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე მძიმე კვალი.
ცეცხლმა დააზიანა ტყეები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ფერმები, საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, რამაც საგანგებო სიტუაცია შექმნა და მეხანძრეების, უსაფრთხოების ძალებისა და მოხალისეების ფართომასშტაბიანი მობილიზება გამოიწვია.
სიერა ოესტეს რეგიონი, რომელიც ბუნებრივი სიმდიდრითა და განვითარებული სოფლის მეურნეობით არის ცნობილი, ახლა აღდგენის ხანგრძლივი და რთული პროცესის წინაშე დგას.
ნიადაგის ეროზია, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, ასევე მეცხოველეობისა და სასოფლო-სამეურნეო მეურნეობების განადგურება იმ მთავარ გამოწვევებს შორისაა, რომლებიც რეგიონს მომდევნო თვეებში ელოდება.