-
Aa
+
ფონტის ზომა
ESPN-ის ექსპერტებმა ჯგუფების მთავარი ფავორიტები და მოლოდინები შეაჯამეს.
ტურნირს 11 ივნისს მეხიკოში, მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის მატჩი გახსნის. მასპინძელი მექსიკის მინიმალური მიზანი მეოთხედფინალია, რაც მათთვის ისტორიული მაქსიმუმის გათანაბრება იქნება. გამოცდილ ჩეხეთსა და სონ ჰეუნ-მინის სამხრეთ კორეას ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსები აქვთ, თუმცა ამ თანაბარ ოთხეულში ბრძოლა უფასურესი იქნება.
ჯგუფის ფავორიტი შვეიცარიაა, რომელსაც პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში პლეი-ოფში ხელსაყრელი ბადე ელის. თანამასპინძელ კანადას მუნდიალებზე მატჩიც კი არ მოუგია, თუმცა ამჯერად ჯგუფიდან გასვლას გეგმავს. პლეი-ოფში იტალიის გამომგდები ბოსნია სერიოზული ძალაა, ხოლო კატარი 2022 წლის ანტირეკორდის (0 ქულა) გამოსწორებას ეცდება.
ბრაზილიის ერთადერთი მიზანი 24-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტულის დაბრუნებაა. მაროკო, 2022 წლის სენსაციური ნახევარფინალის შემდეგ, მინიმუმ მეოთხედფინალს უმიზნებს. შოტლანდიისა და ჰაიტისთვის ჯგუფიდან გასვლა უდიდესი მიღწევა იქნება, თუმცა ბრიტანელებს ევრო 2024-ის ჩავარდნის შემდეგ რეაბილიტაცია სურთ.
რეიტინგით ეს ტურნირის ყველაზე თანაბარი ჯგუფია. მაურისიო პოჩეტინოს აშშ-ზე უდიდესი ზეწოლაა – მათგან პლეი-ოფში რამდენიმე ეტაპის გავლის მოლოდინია. თურქეთს ქაღალდზე საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და პირველობას უმიზნებს. ავსტრალია და პარაგვაი კი ტრადიციულად ჯიუტი და რთულად დასამარცხებელი გუნდებია.
ორჯერ ჩავარდნილი მუნდიალის შემდეგ, იულიან ნაგელსმანის გერმანიისთვის მინიმალური მიზანი მეოთხედფინალია. თუმცა, ჯგუფი იოლი არ იქნება: ეკვადორს მოისეს კაისედოს, ვილიან პაჩოსა და პიერო ინკაპიეს სახით უძლიერესი დაცვითი ბირთვი ჰყავს, კოტ-დ’ივუარი კი აფრიკის მოქმედი ჩემპიონია. ტურნირის დებიუტანტი კურასაო, ლეგენდარული დიკ ადვოკაატის ხელმძღვანელობით, ისტორიაში პირველი გოლის გატანას ეცდება.
ამ თანაბარ ჯგუფში რონალდ კუმანმა ღიად განაცხადა, რომ ნიდერლანდების მიზანი ნახევარფინალია. ამბიციურია იაპონიაც, რომელიც ტიტულზეც კი ფიქრობს, თუმცა წამყვანი ფეხბურთელების ტრავმები ხელს უშლის. შვედეთს ალექსანდერ ისაკისა და ვიქტორ დიოკერესის სახით უძლიერესი თავდასხმა ჰყავს, ტუნისი კი ჯგუფიდან გასვლას დიდ წარმატებად ჩათვლის.
ბელგია ძველებურ ფავორიტად აღარ ითვლება, თუმცა დე ბრუინის, კურტუას, ლუკაკუსა და დოკუს გუნდისთვის პლეი-ოფს მიღმა დარჩენა კატასტროფა იქნება. მოჰამედ სალაჰის ეგვიპტე და ირანი ისტორიაში პირველად ეცდებიან ჯგუფიდან გასვლას, ახალი ზელანდია კი ოკეანეთის ახალი კოტით ტურნირის მუდმივი წევრი ხდება.
ევროპის ჩემპიონ ესპანეთს ლამინ იამალის, ნიკო ვილიამსისა და როდრის ფიტნესის პრობლემები აწუხებს, თუმცა ისინი მაინც მთავარი ფავორიტები არიან. მარსელო ბიელსას ურუგვაი სუარესისა და კავანის გარეშე, მაგრამ მაინც ძლიერი შემადგენლობით მეოთხედფინალს უმიზნებს. დებიუტანტი კაბო-ვერდე კი საუდის არაბეთთან სენსაციის მოხდენაზე ოცნებობს.
კილიან მბაპეს საფრანგეთი ტიტულის დაბრუნებას გეგმავს. საინტერესოა, რომ მათი და სენეგალის მატჩი 2002 წლის მუნდიალის გახსნას გვახსენებს, სადაც აფრიკელებმა სენსაცია მოახდინეს. ერლინგ ჰოლანდის ნორვეგიისთვის პლეი-ოფში გასვლა მინიმუმია, სადაც მათი შეჩერება ყველას გაუჭირდება, ერაყი კი მუნდიალზე 40 წლის შემდეგ ბრუნდება.
ლიონელ მესის არგენტინის მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა. ალჟირი და ავსტრია მეორე საგზურისთვის იბრძოლებენ, ამასთან ავსტრიას პირველი ადგილის ვერდაკავების შემთხვევაში პლეი-ოფში, სავარაუდოდ, ესპანეთი შეხვდება. დებიუტანტი იორდანიისთვის ჯგუფიდან გასვლა სასწაულის ტოლფასი იქნება.
კრიშტიანუ რონალდუ რეკორდულ, მეექვსე მუნდიალზე თამაშობს და პორტუგალიას ფინალის ამბიცია აქვს. ლუის დიასის კოლუმბია და ჯეიმს როდრიგესი 2014 წლის მეოთხედფინალის გამეორებას გეგმავენ. დებიუტანტი უზბეკეთი ფაბიო კანავაროს მეთაურობით და კონგო მესამე ადგილით პლეი-ოფში გაძვრას შეეცდებიან.
თომას ტუხელის ინგლისისთვის, ორი წაგებული ევროს ფინალის შემდეგ, ნებისმიერი შედეგი ფინალის გარდა ჩავარდნად ჩაითვლება. ხორვატიის ოქროს თაობა დაბერდა, თუმცა პლეი-ოფში გასვლას მაინც გეგმავენ. განას კარლოს კეირუში ჩაუდგა სათავეში, პანამა კი ჯგუფში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები

