ინგლისის ნაკრების ვარსკვლავები თავიანთ კლუბებში კოსმოსურ ხელფასებს იღებენ, თუმცა სანაკრებო დონეზე ფინანსური სტრუქტურა სრულიად განსხვავებულად მუშაობს.
ოფიციალურად, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) მოთამაშეთა ანაზღაურებას არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ ფეხბურთელები თითო მატჩში სიმბოლურ თანხას, დაახლოებით 2 000 ფუნტ სტერლინგს იღებენ. ნაკრებში თამაში პატივის თემაა და არა ფულის შოვნის საშუალება.
მთავარი თანხა ბონუსებზე მოდის, რომელიც ტურნირზე გუნდის წინსვლასთან ერთად იზრდება. The Mirror-ის ინფორმაციით, თუ ინგლისის ნაკრები 19 ივლისს ნიუ-ჯერსიში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, თითოეული ფეხბურთელი ბონუსის სახით 500 000 ფუნტს მიიღებს. მილიონიანი ბონუსი ელის მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელსაც, თუ ის ქვეყანას 1966 წლის შემდეგ პირველ ოქროს მოუტანს.
თუმცა, ყველაზე საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტი სხვა რამ არის: 2007 წლის შემდეგ, ინგლისის ნაკრების არცერთი ფეხბურთელი სანაკრებო მატჩებიდან მიღებულ თანხას თავისთვის არიტოვებს. დევიდ ბექჰემის, გარი ნევილისა და ჯონ ტერის ინიციატივით შექმნილი ტრადიცია დღემდე გრძელდება – მოთამაშეები გამომუშავებულ თანხას მთლიანად რიცხავენ საქველმოქმედო ფონდში (EFF), საიდანაც თანხა UNICEF-სა და კიბოს კვლევის ორგანიზაციებში ნაწილდება. ფონდს უკვე 5 მილიონ ფუნტზე მეტი აქვს გაცემული და ეს ტრადიცია 2026 წლის მუნდიალზეც გაგრძელდება.
ფეხბურთელებისთვის ძირითადი ფინანსური სარგებელი კომერციული და სასპონსორო ხელშეკრულებებიდან მოდის. ჰარი კეინის, ჯუდ ბელინგემისა და დეკლან რაისის მსგავსი ვარსკვლავებისთვის მუნდიალზე წარმატებული თამაში ახალ მილიონიან სარეკლამო კონტრაქტებს ნიშნავს.