გიორგი გულიაშვილი სანტანდერის რასინგის ფეხბურთელად კამპოს დე სპორტზე ოფიციალურად წარადგინეს.
„კარგად ვგრძნობ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიაში ჩემპიონატი დასრულდა, ვარჯიში არ შემიწყვეტია. გუშინ უკვე მქონდა შესაძლებლობა ახალ თანაგუნდელებთან ერთად მევარჯიშა და ნამდვილად მზად ვარ იმ მომენტისთვის, როცა მწვრთნელს დავჭირდები,“ - თქვა გულიაშვილმა.
ქართველმა თავდამსხმელმა აღიარა, რომ კლუბისგან შეთავაზების მიღებისთანავე დიდი ინტერესი იგრძნო:
„მინდა ამ პროექტის ნაწილი ვიყო. მქონდა შესაძლებლობა ხოსე ალბერტოსთან მესაუბრა და მან თბილად მიმიღო, თუმცა ტაქტიკურ დეტალებში უფრო ღრმად ჩასვლა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.“
რასინგის ახალი ნომერი 7 შაბათს გუნდის მატჩსაც დაესწრო: „ატმოსფერომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე; ამ გუნდს ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავს.“
პრესკონფერენცია ჩემა არაგონმა შემდეგი სიტყვებით გახსნა: „ჩვენ ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური გუნდი ვართ, თუმცა ბევრ შემთხვევაში გვაკლდა სივრცეში შეტევის უნარი და სიღრმის შექმნა.
ზაფხულში მისი დამატება ვცადეთ, მაგრამ იმ დროს სარაევოს მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელი იყო. გიორგი ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია და მტკიცედ გვჯერა, რომ ის ჩვენს გუნდის წინსვლაში დიდ წვლილს შეიტანს.“ - განაცხადა სანტანდერული კლუბის წარმომადგენელმა.
რასინგი მომდევნო მატჩს კოპა დელ რეის 1/8 ფინალში ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 15 იანვარს გაიმართება.
სანტანდერელები ლა ლიგა 2-ს 21 ტურის შემდეგ 38 ქულით ლიდერობენ და ლა ლიგაში გადმოსვლისთვის იბრძვიან.