ბრაზილიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სანტოსის ვარსკვლავს, ნეიმარსა და მადრიდის რეალის შემტევის, ვინისიუს ჟუნიორის ყოფილ შეყვარებულს (ვირჯინია ფონსეკას) რომანი აქვთ. ჭორები მას შემდეგ აგორდა, რაც 6 ნოემბერს, სან პაულუში გამართულ ერთ-ერთ დახურულ წვეულებაზე, ისინი ერთად შენიშნეს.
გავრცელებულ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურნენ ორივე მხარის წარმომადგენლები და ფაქტი კატეგორიულად უარყვეს. ცოტა ხანში კი სიჩუმე თავად ნეიმარმაც დაარღვია. ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი გუნდის ოფიციალური პასუხისა, საჭიროდ ჩათვალა პირადადაც ჩარეულიყო.
მსგავს რაღაცებს Stories-ში იშვიათად ვწერ, მაგრამ ამჯერად ზღვარს გადახვედით. გავრცელებული ისტორია ჩემსა და სხვა ადამიანს შორის არსებულ ურთიერთობაზე სრული ტყუილია და ამას უარვყოფ! სამწუხაროა, რომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ხალხს რეალობაზე მეტად ცნობილი სახელების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი აინტერესებს. ჩემმა გუნდმა უკვე გაავრცელა განცხადება, მაგრამ ამ ყველაფრის დასასრულებლად პირადად ჩარევა მომიწია. ახლა კი, მაცადეთ პოკერის მშვიდად თამაში
შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჟუნიორმა და ინფლუენსერმა ვირჯინია ფონსეკამ (რომელსაც ინსტაგრამზე 56 მილიონი გამომწერი ჰყავს) მღელვარე ურთიერთობა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაასრულეს.
თავად ვინისიუსი კი ამჟამად სანაკრებო ბატალიებზეა ფოკუსირებული, სინგაპურში იაპონიის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში მან დუბლი შეასრულა, რითაც მადრიდის რეალში ბოლო დროს არსებული კრიტიკის ფონზე, გულშემატკივრებს საუკეთესო პასუხი გასცა.