პარი სენ-ჟერმენის ყოფილი ვარსკვლავი, ნეიმარი, რომელიც ამჟამად ბრაზილიურ სანტოსში თამაშობს, ყოფილი კლუბის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს.
ბრაზილიელი ლეგენდა დეზირე დუეს უმძიმეს ტრავმას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ინსტაგრამის სთორით მილიონობით გამომწერს ემოციური გზავნილი გაუზიარა: „მაგრად იყავი“.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფრანგმა ტალანტმა ლიგა 1-ში, ნიცასთან მატჩში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და მიმდინარე თვის ბოლომდე საოპერაციოა. ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა თავად კლუბმაც, რომელმაც ოფიციალურ გვერდებზე გამოაქვეყნა: „შენთან ვართ, დეზირე“.
კვარაცხელიას ემოციური გზავნილი ტრავმირებულ დეზირე დუეს
ეს ტრავმა ლუის ენრიკესთვის უდიდესი თავსატეხია. პარიზული გრანდის შეტევის ხაზი უკვე სერიოზულ კრიზისშია, რადგან გასულ ოქტომბერში, ბარსელონასთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამაც ანალოგიური მძიმე ტრავმა მიიღო. ორი მთავარი კრეატიული შემტევის არყოფნა პსჟ-ს აიძულებს, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად იმოქმედოს.
დუე, რომელიც პარიზელებს 2024 წელს რენიდან შეუერთდა, პროექტის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მისი კარიერის პიკად ჯერჯერობით 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი რჩება, სადაც მილანის ინტერს (5:0) დუბლი შეუსრულა. სამწუხაროდ, უახლოესი თვეების განმავლობაში, ფრანგს მოედანზე გასვლის ნაცვლად, ურთულესი სარეაბილიტაციო პროცესის გავლა მოუწევს.